“მრავალჯერ მითქვამს ნაცებისთვის და ახლაც გავუმეორებ – წიგნები წაიკითხეთ და იაზროვნეთ. მხოლოდ სააკაშვილის სისულელეების მოსმენა და გვარამიას ფბ პოსტები აბსოლუტურად არაფერს მოგცემთ,” – ამის შესახებ ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსლში წერს.
“მეტრონომი” ჟურნალისტის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“უამრავჯერ დამიწერია ე.წ. “გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ რევოლუციისკენ სწრაფვაზე.
გამოვხმაურებივარ გვარამიასა, თუ სხვა ლიდერების მხრიდან “ჯოჯოხეთის მოწყობის” დაანონსებას.
მომისმენია იმ ტიპის ისტორიული შეფასებები, რომელიც “ჟამთაღმწერლობას” იბრალებს. საბოლოოდ კი ყველამ ვნახეთ, რომ ამ ხალხს არაფერი გამოუვიდათ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არასდროს არაფერი გამოუვათ.
არ გამოუვათ არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ იციან რა გააკეთონ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი არ გაჰყვებათ, რომ არ ჰყავთ “ავრორა”, მატროსი ჟელეზნიაკი და ლატვიელ მსროლელთა პოლკი. რომ “საქართველო კიდევ ერთ არეულობას ვეღარ გადაიტანს” (ცხადია გარკვეულწილად ეს არგუმენტებიც “მუშაობს”), არ გამოუვათ იმიტომ, რომ მათ არ იციან ის, თუ რა მიზეზით შეიძლება გამოიწვიონ ქართული საერთო სახალხო მღელვარება.
დღეს ნაცპროპაგანდის მანქანები მთლიანად გადასულნი არიან არსებული სოციალური ფონის რაც შეიძლება მძიმე ფორმებით წარმოჩენაზე. შედარებებზე, თუ რა დღეშია მშიერი ბავშვი და როგორ სასახლეში ცხოვრობს მავანი დეპუტატი.
საოცარი ინტენსივობით ავსებენ საინფორმაციო ველს და იმედი აქვთ, რომ მსგავსი დაძაბული ფონის შექმნით გაზაფხულზე შეძლებენ სოციალურ აფეთქებას. ცხადია გულში პანდემიის მიერ გამოწვეული გარკვეული კრიზისის ზამთარში გაძლიერებაც უჭიატებთ.
პირდაპირ ვიტყვი: სოციალური მიზეზით საქართველოში არავინ გამოვა!
საქართველოში არასდროს არ ყოფილა არც აჯანყება, არც სახალხო მღელვარება ცხოვრების გაუსაძლისი მდგომარეობის გამო.
საქართველოში არასდროს ყოფილა კაპიტალიზმი. ჩვენ ფეოდალური წყობიდან პირდაპირ სოციალისტურში გადავედით.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კაპიტალიზმი თავისი კლასიკური გაგებით არც ახლაა, რადგანაც ბანკები, თუ სხვა სამევახშეო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის არსებული, “ქართული წესით” კაპიტალიზმს ვერ განსაზღვრავენ.
კაპიტალიზმს განსაზღვრავს მუშათა კლასი, რაც საქართველოში არ არის.
საქართველოში დაპირისპირების ერთადერთი მიზეზი ღირსების, ეროვნული ღირსების შელახვა იყო.
მე-19-ე საუკუნეში რუსების დროს მოხდა გლეხთა რამდენიმე გამოსვლა, რომლებსაც კომუნისტები ცდილობდნენ სოციალური გაჭირვებით შეეფუთათ, მაგრამ რეალურად იქაც ღირსების შელახვა იყო მთავარი მიზეზი.
ღირსების შელახვაზე ხალხი გამოვა, მაგრამ ნაცები და ოპოები ამას ვერ გააკეთებენ, თუნდაც იმიტომ რომ მელაძე და გვარამია, უგულავა და ბოკერია, არასამთავრობოები ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო ვერასდროს ილაპარაკებენ ღირსების შესახებ.
ვარ ილაპარაკებენ, რადგანაც მათ ეს მცნება უბრალოდ არ იციან.
ამ თემების წამოწევა, რასაც თავიანთი რესურსის სრული მობილიზებით ახდენენ, ხალხში გაჭირვებული ადამიანების მიმართ თანადგომას და მათდამი მატერიალური დახმარების სურვილს გამოიწვევს და არა სოციალურ (არა სოციალისტურ!) რევოლუციას.
მრავალჯერ მითქვამს ნაცებისთვის და ახლაც გავუმეორებ – წიგნები წაიკითხეთ და იაზროვნეთ. მხოლოდ სააკაშვილის სისულელეების მოსმენა და გვარამიას ფბ პოსტები აბსოლუტურად არაფერს მოგცემთ.” – წერს გაბრიჭიძე