“ქართული ოცნების” თავჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალური ქსელის საშუალებით “ტვ პირველის” ეთერში გასულ სიჟეტს ახმიანება.
როგორც მდინარაძე “ფეისბუქის” გვერდზე წერს, ჟურნალისტი ცდილობდა დაეცვა ბალანსი და ყველა მხარის პოზიცია ეჩვენებინა მაყურებლისთვის, თუმცა სიუჟეტში რამდენიმე არასწორი ინფორმაცია მაინც გახმოვანდა.
“მეტრონომი” “ქართული ოცნების” თავჯდომარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“წარმოუდგენელია არ გამოვეხმაურო ტვ1-ზე გასულ სიუჟეტს 17 წლის წინანდელ საქმესთან დაკავშირებით, როდესაც მე, ჩემ ორ მეგობართან და კოლეგასთან ერთად, გავხდი ნაც. მოძრაობის პირველი მსხვერპლი და პოლიტიკური პატიმარი:
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ჟურნალისტი ცდილობდა დაეცვა ბალანსი და ყველა მხარის პოზიცია ეჩვენებინა მაყურებლისთვის.
ამის მიუხედავად, სიუჟეტში რამდენიმე არასწორი ინფორმაცია გახმოვანდა –
1. თითქოს მე დავურეკე მას და ვთხოვე დამატებით განმარტებების გაკეთება. ის თავად დამიკავშირდა ბოკერიას ინტერვიუს შემდეგ, ხომ არ გავაკეთებდი კომენტარს. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
2. სიუჟეტის ბოლოს, დასკვნის სახით თქვა, რომ თითქოს ორივე ბრალდებული ჩემი ხელმოწერით გათავისუფლდა, რაც ასევე არასწორი ინფორმაციაა, რადგან სიუჟეტის მთავარი ფიგურანტის საქმე მე არ მეწერა და მასთან დაკავშირებით ვერც ვერანაირ გადაწყვეტილებას მივიღებდი. მის ნებართვას გიგა ძიძიგური აწერდა ხელს, მე ნებართვა მეორე ბრალდებულზე გავეცი და ასევე აბსოლუტურად სწორად!
3. სიუჟეტში ვერ მოხვდა ჩემი ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ვამბობ, რომ გულგრილობის მუხლით ვიყავი დაკავებული (ნაცვლად ბოკერიას იბინძურესი, ინტერვიუსთვის მოგონილი ბრალდებისა) და ამ გულგრილობაშიც გავმართლდი ყველა ინსტანციის სასამართლოში!
4. ვერ მოხვდა ინტერვიუს ის ნაწილიც, სადაც ვყვები, როგორ აღიარა ჩვენი უკანონო პატიმრობა მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში.
5. ვერც ჩემი განაჩენი და ოქრუაშვილის ის ინტერვიუ მოხვდა..
6. ასევე ვერ მოხვდა ინტერვიუდან ჩემი მონაყოლი იმ სკანდალური ამბის შესახებ, როგორ გადაიყვანა ჩემთან ერთად დაკავებული ზაზა მესხი ციხიდან გენერალურ პროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილმა თავის კაბინეტში, უღიარა ჩვენი უკანონო პატიმრობა და თხოვდა მას, რომ აღკვეთის ღონისძიება აპელაციაში არ გაგვესაჩივრებინა და ორ კვირაში გაგვიშვებდა (სწორედ ეს აღიარა ინტერვიუში ოქრუაშვილმა, ოღონდ რატომღაც ჩემზე ყვებოდა და არა ზაზა მესხზე.
და ბოლოს, ალბათ რთულია დაიჯერო დამთხვევა, რომ 17 წლის შემდეგ ვიღაცას შემთხვევით მოუნდა ისტორიის გადაწერა იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დღეს ყველა მეთოდით ცდილობს ქართული ოცნების წარმომადგენლების გაშავებას.
ამ ისტორიას არავის გადავაწერინებ! დრო რომ უკან დაბრუნდეს, ზუსტად იგივენაირად მოვიქცევი და მთელი ცხოვრება ვიამაყებ ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილებით!”- წერს მამუკა მდინარაძე.
იხილეთ სიუჟეტი, რომელიც 19 დეკემბერს “ტვ პირველის” ეთერში გავიდა: