ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლუკა კურტანიძე VS ზაქარია ქუცნაშვილი: დედის წინ მორბენალი კვიცი მგელმა შეჭამაო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ თანაგუნდელი ზაქარია ქუცნაშვილი “ალიასთვის” მიცემული ინტერვიუს გამო გააკრიტიკა. კურტანიძე მიიჩნევს, რომ ამ ინტერვიუთი ქუცნაშვილმა თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ქუცნაშვილმა თავის საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, პრემიების სისტემის ცვლილების თაობაზე, რომელსაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

“მინდა განცხადება გავაკეთო ჩვენი თანაგუნდელი ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივაზე. – ამბობს კურტანიძე – ვეთანხმები, რომ ამ მხრივ ბევრი რამ მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელია, მაგრამ მისი განცხადებაა ალიაში… /დეპუტატი/ რომელიც მასმედიით ესაუბრება თანაგუნდელებს. პარლამენტარს და ჩემს კოლეგას, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ შევახსენებ, რომ ჩვენ ყველანი ერთი გუნდი ვართ. მეტიც, ერთი სისხლი და ხორცი და ერთი სიცოცხლე დავდეთ ერისკაცის ლიდერობით სამშობლოს გადასარჩენად. ამიტომაც ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შიგნით, გუნდში კომუნიკაციით და მსჯელობით, თუნდაც კამათით უნდა შევაჯეროთ და ამის შემდეგ გამოვიტანოთ სააშკარაოზე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ბატონო ზაქარია, თქვენი ინტერვიუ „ალიაში“ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია თითოეული თქვენი თანამებრძოლისა თუ გუნდის წევრისათვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის წევრების უმრავლესობა აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში იდეის, სამშობლოს გადარჩენისათვის გაერთიანდა და არა ხელფასის ან სხვა პრივილეგიების გამო. ვეთანხმები, რომ ბევრი რამ მოსაწესრიგებელია ამ მხრივ, მაგრამ ეს ბატონო ზაქრო, შეიძლება რამდენიმე წლით ადრე გაგხსენებოდათ და არა ახლა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. ნუ ეძებთ უკეთეს თანამებრძოლებს როგორც თქვენ ამ ინტერვიუში აღნიშნავთ, რადგან ამ გუნმდმა მოგიყვანთ დღეს იქ სადაც ხარ. ამაზე უკეთესს ვერ იპოვით. ყველა თავისი საქმის პროფესიონალია. კრიტიკულ დროს ყველანი უღალატონი არიან. ამ გუნდთან თქვენ არ გიმსჯელიათ, არ გიკამათიათ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და ამის მიუხედავად სააშკარაოზე გამოიტანეთ ამა თუ იმ პარლამენტარის ავკარგიანობა, სააშკარაოზე გამოიტანეთ მათი განკითხვის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი გეთანხმებათ აღნიშნულ საკითხზე. როდესაც საქმე თანამბერძოლების ღირსებას ეხება, შესაძლოა უფრო მკაცრიც ვიყო. მოკლედ ვიტყვი: დედის წინ მორბენალი კვიცი მგელმა შეჭამაო. ამიტომ, ძალიან გთხოვთ თითოეულ თანამებრძოლს გაუფრთხილდით”, – განაცხადა კურტანიძემ.

იტვირთბა....