ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„არ ვიცოდით, თვითმფრინავი თუ რუსული იყო“

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა არ იცოდნენ, სუ-24 რუსული თუ იყო და ეს ანკარამ მხოლოდ მოსკოვის განცხადების შემდეგ შეიტყო. თურქეთის პრეზიდენტმა ამის თაობაზე სტამბოლში, საერთაშორისო ისლამურ ეკონომიკურ კონგრესზე ისაუბრა.

„ის რომ, თვითმფრინავი რუსეთის ფედერაციას ეკუთვნოდა, მხოლოდ მას მერე გაირკვა, რაც ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა“ – თქვა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქეთის საჰაერო სივრცეში ორი სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა, ერთმა ქვეყნის საჰაერო სივრცე მალევე დატოვა, მეორე კი ჩამოაგდეს:

„გუშინ გაურკვეველი სახელმწიფოებრივი კუთვნილების ორმა თვითმფრინავმა ხატაის პროვინციაში ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია. მათ ხუთი წუთის განმავლობაში 10 გაფრთხილება მიიღეს ჩვენი სამხედროების მხრიდან. მერე ერთმა თვითმფრინავმა ჩვენი სივრცე დატოვა, მეორე კი ჯიუტად აგრძელებდა საჰაერო სივრცის დარღვევას. ამ დროს გაუხსნა ცეცხლი მას გამანადგურებელმა F-16-მა, რომელიც ჩვენს საზღვარზე პატრულირებდა“ – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული სუ-24 სამშაბათს ჩამოაგდეს სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი თურქული F-16-დან გასროლილი რაკეტით არის ჩამოგდებული. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

იტვირთბა....