ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე: თუ პარლამენტი დაამტკიცებს ამ მთავრობას, იუსტიციის მინისტრის რანგში გავაგრძელებ მუშაობას

გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ აირჩიეს და ამასთანავე საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატია, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არჩეული მოსამართლეა, თუმცა უფლებამოსილება ჯერ არ აქვს და ამისთვის მინიმუმ რამდენიმე თვეა საჭირო.

მისივე თქმით, თუკი პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას, ის გააგრძელებს მუშაობას იუსტიციის მინისტრის რანგში.

“მე ვარ არჩეული მოსამართლე, მაგრამ არ ვარ მოსამართლე, რომელიც ჯერ თავისი უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა. სანამ ამას გავაკეთებ, უნდა დამთავრდეს სასამართლოს პროცედურები და პირველ რიგში, ჩეხმა მოსამართლემ უნდა დაასრულოს თავისი ვადა. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ჩემი მხრიდან უფლებამოსილების შესრულება. თავიდანვე გარკვეულობა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე მცირე, რამდენიმე თვე მომიწევდა აქ ყოფნა და აქედან გამომდინარე, ვაგრძელებ მუშაობას. თუკი პარლამენტი დაამტკიცებს ამ მთავრობას, გავაგრძელებ მუშაობას იუსტიციის მინისტრის რანგში. როდესაც ჩეხ მოსამართლეს თავისი ვადა ამოეწურება, ამის შემდეგ შევუდგები ჰააგაში ჩემსა საქმიანობას,” -განმარტა იუსტიციის ლორთქიფანიძემ.

ამავე თემაზე: პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძე იქნება

იტვირთბა....