ახალი ამბები მთავარი

“სუს-ის „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 6 ყოფილ თანამშრომელზე 360 ათასი ლარის ღირებულების ქონება ირიცხება” – აუდიტი

აუდიტის სამსახური აქვეყნებს ანგარიშს სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 6 ყოფილ თანამშრომელზე 360 ათასი ლარის ღირებულების ქონება ირიცხება.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, თანამშრომლის გათავისუფლების შემთხვევაში, მათზე რიცხული აქტივების ინვენტარიზაცია და მოქმედ თანამშრომელზე გადაბარება დოკუმენტურად არ ხდება.

აღნიშნულ ანგარიშზე შესაძლოა სამართლებრივი რეაგირება დაიწყოს.

„სააგენტოს ბალანსზე აღრიცხული ქონება განთავსებულია საქართველოს მასშტაბით და მოიცავს სხვადასხვა სახის სპეციფიკურ აპარატურასა და არამატერიალურ აქტივებს. გარდა ამისა, ეკონომიკური დეპარტამენტიდან მიღებული იმ ქონების პირველადი დოკუმენტები, რომლებიც შსს-დან სუს-ზე იყო გადაცემული, სამსახურში არ მოიპოვება, რადგან ქონების გადმოცემა განხორციელდა მხოლოდ ე.წ. ავიზო შეტყობინებებით. ქონების ნაწილი 2005 წლამდეა შეძენილი და მათი დოკუმენტაცია არც შსს- ში არსებობს. აღნიშნული გარემოებების გამო, სააგენტოს ბალანსზე აღრიცხული ქონების სრულყოფილი (ხარისხიანი) ინვენტარიზაცია რთულია. ბალანსზე რიცხული აქტივების სირთულისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საინვენტარიზაციო კომისიისა და სამუშაო ჯგუფების სწორად დაკომპლექტებას, მათში შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების გათვალისწინებას, თუმცა სააგენტოში ინვენტარიზაციები ტარდება IT სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე. თანამშრომლის გათავისუფლების შემთხვევაში, მათზე რიცხული აქტივების ინვენტარიზაცია და მოქმედ თანამშრომელზე გადაბარება დოკუმენტურად არ ხდება. შედეგად, ზოგიერთ ყოფილ თანამშრომელზე რიცხული ქონება საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანაკლისად ფიქსირდება. ობიექტის განმარტებით, აღნიშნული ტიპის აქტივების ნაწილი რეალურად არსებობს, თუმცა შესაბამისი პასუხისმგებელი პირების არარსებობის გამო, კომისია ვერ ახდენდა მათ იდენტიფიცირებას. მაგალითად, სააგენტოში 2019 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად რამდენიმე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს გამოუვლინდა 329 დასახელების 416 ერთეული ქონების დანაკლისი ჯამური საბალანსო ღირებულებით − 366,004 ლარი. აღნიშნული თანხიდან, 360,000 ლარის დანაკლისი ირიცხება 6 ყოფილ თანამშრომელზე. აუდიტის მიმდინარეობისას სააგენტოში მოძიებული იქნა იმ აქტივების ნაწილი, რომლებიც 2017-2019 წლებში ჩატარებული ინვენტარიზაციების შედეგად დანაკლისად იყო აღიარებული. საკითხის განხილვის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია და სამუშაო ჯგუფი, შესაბამისი IT სპეციალისტების ჩართულობით. კომისიის მიერ დადგინდა, რომ ინვენტარიზაციების შედეგად დანაკლისად დაფიქსირებული აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი, რეალურად არსებობს და ექსპლუატაციაშია. სამუშაო ჯგუფმა აქტივები ხელახლა დაათვალიერა, აღწერა და არსებობის რეალურობა დაადასტურა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე, აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2017-2019 წლებში, სააგენტოში ჩატარებული ინვენტარიზაციების შედეგად გამოვლენილი იყო 1,013,495 ლარის ღირებულების დანაკლისი, საიდანაც აუდიტის მიმდინარეობისას მოძიებულია 621,012 ლარის დანაკლისად აღიარებული აქტივები, რომლებიც ჩაბარდა შესაბამის მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს.

„სამსახურის განმარტებით, დანაკლისის ნაწილის მოძიებასთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს მუშაობა. პრობლემატურია ინვენტარიზაციების შედეგებზე დროული რეაგირება, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში წინა წლის დანაკლისები მომდევნო წლის ინვენტარიზაციის მასალებშიც მეორდება. აქტივების მართვის ნაკლოვანებას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ სააგენტოს პროგრამებით უსასყიდლოდ სარგებლობს რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაცია ისე, რომ არ არის შემუშავებული გარკვეული კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შემსყიდველი, რათა ეს უკანასკნელი გათავისუფლდეს მომსახურების საფასურის გადახდისგან“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, სუს-მა შექმნას ქმედითი მექანიზმები ბალანსზე რიცხული დანაკლისების მიზეზების დადგენის, პასუხისმგებელი პირების გამოვლენის და მათზე სამართლებრივი რეაგირების თვალსაზრისით.

„სააგენტომ უზრუნველყოს საინვენტარიზაციო კომისიისა და სამუშაო ჯგუფების სწორად დაკომპლექტება, მათში შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა, რათა ინვენტარიზაციები ხარისხიანად ჩატარდეს. მატერიალურად პასუხისმგებელი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებისას სააგენტომ უზრუნველყოს მათზე რიცხული ქონების ინვენტარიზაცია და შესაბამის პასუხისმგებელ პირზე გადაბარება, რათა გამოირიცხოს სახელმწიფო ქონების დაკარგვის/განადგურების რისკები“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის სარეკომენდაციო წერილში, რომელსაც ხელს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი აწერს.

იტვირთბა....