გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესის საკითხთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
“მეტრონომი” უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„დაუცხრომელი კითხვა მაქვს და პასუხი ვერ ვპოვე.
საქართველოს მოსახლეობის რომელ ნაწილზე აპელირებთ, 5G-ანტენების მოშიშარნი თუ ტაშს გიკრავენ, ეს თქვენს თვითკმაყოფილებას აძლიერებს?
ყველა შეგნებული ადამიანი, ვისაც ანალიზის უნარი აქვს, ნათლად ხედავს შექმნილ მდგომარეობას და მათი მოტყუება შეუძლებელია.
მედ-პერსონალი კი, არა მარტო ხედავს, არამედ საკუთარ თავზე ცდის თქვენს გადაწყვეტილებებს და ცხოველური სიმძაფრით შეიგრძნობს!
განვიხილოთ ტყუილები:
ტყუილი N1: რემდესივირი საქართველოში ივნისში უნდა შემოსულიყო, როცა კვლევაში „ჩაერთო“ საქართველო და ყველა წამყვანი კლინიკა აქტიურად იყენებდა. დღეს 18 დეკემბერია! იმის თქმა რომ კვლევაში ვმონაწილეობდით… როგორ ვმონაწილეობდით, როცა მედიკამენტი დღეს შემოვიდა? რა მონაცემები გადავუგზავნეთ ჯანმო-ს?
რემდესივირის შემოტანა-არშემოტანას არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება. თუ გინდათ ლუმინალი აყიდინეთ მთვროვრობას, თუ ყველაფერი დანარჩენი რაც აუცილებელია უკვე შეძენილი და მოგვარებული იქნება.
ტყუილი N2: „რემდესივირში რა თანხაც დაიხარჯა იმით 2 HighFlow აპარატი მოგვივიდოდა“. HighFlows აპარატი მთელი თავისი მილებით და ნიღბებით 2 000 ევრო ჯდება? როგორ 600კაცის სამყოფი რემდესივირი მხოლოდ 4 000 ევრო დაჯდა?
ტყუილი N3: დღეს 18 დეკემბერია და ეხლა თუ შემოდის HighFlow-ს აპარატები სექტემბერ-ნოემბერში აღშფოთებას ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის აპარატების არ ქონასთან დაკავშირებით დღეს პასუხობთ? ივნისში, როცა ჯანდაცვის მინისტრს პირადად ვესაუბრე, ნამდვილად არც კი იგეგმებოდა მათი შეძენა. რატომ არ ჰქონდა აჭარას სექტემბერში ეს აპარატები თუ მათი შეძენა შესაძლებელი იყო? თუ შეიძინეთ ძალიან კარგია (რასაც ვერ ვხედავ არ მჯერავს, დაველოდები ფაქტებს), მაგრამ აქამდე იმ ხალხს რას ვერჩოდით, რომელთაც მნიშვნელოვნად წაადგებოდა ეს თერაპია?
მართლა მაინტერესებს, ნამდვილად ფიქრობთ, რომ საქებარი საქმეა დეკემბერში ამ აპარატების შემოტანა?
სირცხვილი N4: „ჩვენთან ამბულატორიულად სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები ადამიანი იღუპება“. დიახ, ეს ფაქტია, მაგრამ ამას ბანალური ახსნა აქვს. ასეთი მძლავრი სოც-ქსელი, როგორიც საქართველოს აქვს, ევროპის ქვეყნებს ნამდვილად არ აქვთ. უმრავესობა დამძიმებული პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ბოლოს მაინც ხერხდება, ასე რომ ეს მაჩვენებელი თუ დაბალია, იმ კოლეგების დამსახურებაა, რომელბიც აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, პაციენტებთან და დღე და ღამე ხაზზე არიან. ჰოსპიტალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი შეიძლება უფრო ნაკლებიც გვქონდეს, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები რომ არსებობდეს და ოჯახის ექიმმა ზუსტად იცოდეს ვინ გაუშვას კლინიკაში და ვინ არა. ამით თავისუფალი საწოლები ისეთ მძიმე პაციენტებს დარჩებათ, რომელთაც მართლა სჭირდებათ.
შეიძლება სიკვდილიანობა 0,9% გვაქვს, მაგრამ ერთ მილიონ მოსახლეზე გაცილებით მეტ ადამიანს ვკარგავთ ვიდრე მაგალითად გერმანია. გარდა ამისა, გერმანიამ თავისი 80 მილიონიდან 3 მილიონი რომც დაკარგოს (არ მოხდება! თეორიულად!) 77 მაინც დარჩება და ჩვენ კი ამოვიძირკვებით. არ შეიძლება 3 მილიონიანი ერის რომელიმე ევროპულ ქვეყანასთან შედარება, როცა აქ, ზოგიერთ ქალაქშიც კი 3 მილიონზე მეტი ცხოვრობს. ეს ის ტყუილებია, რომლებიც მაგ გაჟღერებულ, ბანალურ სტატისტიკაში არ ჩანს, თუმცა ყველა მოაზროვნე ადამიანმა კარგად იცის და უბრალოდ რა ჰქვია ამ ზედაპირულ მჭევრმეტყველებას და ვისთვის არის განკუთვნილი მე პირადად ვერ ვხვდები.
სირცხვილი N5: რას ნიშნავს „ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების დაწერა იმდენად რთულია, დღემდე ვერ დავწერეთ“… ანუ ოჯახის ექიმს უნდა ერგოს პასუხისმგებლობა?
უმარტივესია:
1. სუნთქვის სიხშირე 30 ზე მეტი
2. სატურაცია 94%ზე ნაკლები
3. ცხელება, რომელიც პატრაცეტამოლს არ ემორჩილება, განსაკუთრებით სიმპტომების დაწყებიდან მეორე კვირაში
4. ჰიპოტონია
ეს არის კრიტერიუმები, რომელთა არსებობისას პაციენტი ბინაზე არ უნდა დარჩეს. დანარჩენი ყველა, შეიძლება იმართოს ამბულატორიულად. თუ რაღაც მიზეზის გამო ვერ მოხერხდა, შემდეგ უკვე ოჯახის ექიმი გადაწყვეტს ჰოსპიტალიზაციის საკითხს.
სირცხვილი N6: უხერხულია კოლეგების ოპონენტებად მიღება და მათი რჩევის იგნორირება, მით უმეტეს, როცა შუა დეკემბერში ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებს კიდევ ვერ წერ.
სირცხვილი N7: „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“.
სირცხვილია იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება “აშენებული” დაარქვა. თუმცა ის ქაოსი, რაც ააშენეთ, ნამდვილად არც ერთ ქართველს არ უნდა.
სირცხვილი N8: უბრალოდ დანაშაულია იმის თქმა, რომ რომელიმე ქართველს უნდა და გაუხარდება საქართველოში ცუდი მდგომარეობა და ხალხის დაღუპვა! დანაშაულია!
… და ბოლოს ერის და ქვეყნის ღალატია, კოლეგების ოპონენტებად შერაცხვა და მათთან არ თანამშრომლობა, როცა უკვე ხმამაღლა აღიარებ: რთულია… ვერ დავწერეთო…
რომ აღარაფერი ვთქვათ კლინიკური მართვის პროტოკოლებზე, რომლიც დაწერეთ და ნეტა არ დაგეწერათ…
საქართველოს მთავრობა: უმძიმესი სამი თვე კიდევ წინ გვაქვს!“ – წერს თამარ ჟამურაშვილი.