ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, უმჯობესი იქნება, თუ შეზღუდვები მინიმალურად მოიხსნება. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებთან დასმულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ მსჯელობა შემდეგ დღეებში იქნება.
„რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ“,-განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. თავდაპირველი ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.