ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს არ არის პოლიტიკური პარტიების დასჯა

„ეს არ არის პოლიტიკური პარტიების დასჯა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაფინანსებისა და უფასო საეთერო დროის ერთი წლით შეწყვეტის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „კურიერის“ ეთერში განმარტა, პარტიები დაფინანსებას და უფასო საეთერო დროს იღებენ იმისათვის, რომ ისინი სრულფასოვნად იყვნენ ჩართულნი დემოკრატიულ პროცესში.

“პარტიის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება საჩქარო იყო იმისათვის, რომ ჩვენ უკუძალით არ აგვემოქმედებინა გარკვეული რეგულაციები. ჯერ კიდევ რჩება ამ კანონპროექტების მიღების შემდეგ, ოპოზიციას იმის შანსი, რომ შემოვიდეს პარლამენტის სხდომაზე და ამ შემთხვევაში ისინი თავიდან აირიდებენ იმ რეაგირებას, რაც აისახება კანონში. თუ პოლიტიკურ პარტიას სურს, რომ შეინარჩუნოს დაფინანსება და უფასო საეთერო დრო, ამ შემთხვევაში მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ რომ იმოქმედონ შესაბამისად. წლის ბოლომდე თუ შემოვა, შემდეგ ერთი წლით აღარ შეუჩერდება. რამდენიმე სხდომა ჯერ კიდევ წინაა.

რაც შეეხება შინაარსს. ეს არ არის პოლიტიკური პარტიების დასჯა, დაფინანსებას და უფასო საეთერო დროს იღებენ იმისათვის, რომ ისინი სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები დემოკრატიულ პროცესში, როდესაც პარტია ამაზე ამბობს უარს და უპირისპირდება დემოკრატიულ პროცესს და მთავარ ინსტიტუტს-პარლამენტს, ასეთ შემთხვევაში ის არ უნდა სარგებლობდეს იმ პრივილეგიებით, რომელიც ამ დემოკრატიულ პროცესთანაა დაკავშირებული,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან, ან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება და უფასო საეთერო დრო შეუწყდება.

იტვირთბა....