ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბიოლოგიურ კვლევების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის გვამზე იყო სისხლის კვალი, თუმცა ვინაიდან დიდი პერიოდი იყო გვამი წყალში მოთავსებული, ვისი სისხლი იყო, ვერ დადასტურდა.
როგორც ყაზარაშვილმა სასამართლოს პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ბიოლოგიური ექსპერტი გამოიკითხა ჩანთის ნაწილზეც, რომელიც გარდაცვლილს წელზე ეკეთა.
პროკურორის ინფორმაციით, ვერ მოხდა იდენტიფიკაცია, თუ ვის ეკუთვნის შაქარაშვილის ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა.
მისივე თქმით, ექსპერტმა განაცხადა ის გარემოება, რომ არსებობდა უამრავი ბუნებრივი პირობა იმისა, რომ წაშლილიყო გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე იქამდე არსებული კვლები.
“გუშინ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ბიოლოგიური ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. მანვე განმარტა, რომ გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა, რომელიც იდენტიფიკაციისთვის იყო არასრულყოფილი. მან არ გამორიცხა, რომ ეს ბიოლოგიური მასალა რომელიმე კვლევის ნიმუშის მიხედვით, რომელიმე პიროვნების ყოფილიყო, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილის და დანარჩენი ბრალდებულებისაც. ექსპერტმა განაცხადა ის გარემოება, რომ არსებობდა უამრავი ბუნებრივი პირობა იმისა, რომ წაშლილიყო გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე იქამდე არსებული კვლები. ასეთია წვიმა, რის შედეგადაც ბიოლოგიური მასალის ჩარეცხვა ხდება. აქედან გამომდინარე, ექსპერტის განმარტებით იმ შემთხვევაში თუ გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე იქნებოდა საკმარისი ბიოლოგიური მასალა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო წყლით მომხდარიყო აღნიშნულის წაშლა.
რაც შეეხება უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებულ ბიოლოგიურ კვლევებს, ექსპერტმა დაადასტურა ის გარემოება, რომ გიორგი შაქარაშვილის გვამზე იყო სისხლის კვალი. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ დიდი პერიოდი იყო გვამი წყალში მოთავსებული, აქედან გამომდინარე, ვისი სისხლი იყო ესაც ვერ დადასტურდა ექსპერტიზის კვლევით. აღნიშნულ ექსპერტიზაში მითითებული ინფორმაცია იყო ის ინფორმაცია, რომელიც დარჩა ამ ბუნებრივი პირობის ზემოქმედებისას, წვიმის შედეგად, რა ინფორმაციაც დარჩა ჩანთაზე და გვამზე”,- აცხადებს პროკურორი.
ცნობისთვის, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გრძელდება.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.