“ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს,”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ “ფეისბუკბერდზე” დაწერა, რომელმაც პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ვაშაზე წერს, მისთვის ასევე მიუღებელია, პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკა.
“მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან.
უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც მე კატეგორიულად ვერ შევეგუები.
არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე. წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას”,-წერს ვაშაძე.
ვაშაძე ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია დიპლომატების წინააღმდეგ თავდასხმა და შეურაცხყოფა, რითიც აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება.