მამუკა არეშიძის აზრით, ხალიფატისთვის სულერთია იარსებებს თუ არა გურჯისტანის ვილაიეთი
ინტერნეტში მუქარის ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი ქართველი მუსლიმები ემუქრებიან საქართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მედიასაშუალებებს არ გააავრცელონ აღნიშნული ვიდეომიმართვა. ტერორიზმის საფრთხის შესახებ საქართველოში პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შემდეგ ალაპარაკდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ცოტა ხნის წინ, განაცხადა ISIS პროპაგანდისტული გვერდების შესაძლო აკრძალვაზე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გვერდის მეშვეობით გავრცელდა გუშინ ვიდეო. ტერორიზმის საფრთხეზე, ქართველი სპეცსამსახურების მუშაობასა და გლობალურ თანამშრომლობაზე „მეტრონომი“ კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
„მეტრონომი“: გუშინ გავრცელებულმა ვიდეომ საზოგადოება ტერორიზმის საფრთხეზე აალაპარაკა. რამდენად რეალურია ეს საფრთხე ქვეყნისთვის?
მამუკა არეშიძე: მე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ვინც ადევნებს თვალს იმ პროცესებს, რომელიც მიდის „ისლამურ ხალიფატში“ ასეთი ტიპის მუქარა იქ მიღებულია. უბრალოდ, პირველად გაიჟღერა ამან ქართულ ენაზე და ამ მუქარის უკან ხშირ შემთხვევაში არაფერია. ვფიქრობ, ეს მუქარა უფრო საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის იყო ხალიფატის რიგებში. ხიფათი არსებობს, თემა სერიოზულია, მაგრამ ამ კონკრეტული შემთხვევის გამო პანიკაში ჩავარდნა არ ივარგებს.
– შეძლებენ ქვეყნის სპეცსამსახურები ვიდეოში ნახსენები საფრთხის პრევენციას, მაშინ, როცა ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა ქართველი მუსლიმების საბრძოლველად წასვლა?
– მათი წასვლის აღკვეთა ძალიან რთულია. ზრდასრული ადამიანი მიდის საზღვართან და ამბობს სამუშაოდ მივდივარო და ამ დროს ხალიფატში მიდის. ამიტომ მათი გაჩერება რთულია. რასაკვირველია, ოპერატიული მუშაობა უნდა მიდიოდეს და მიდის კიდეც, თუმცა, შეიძლება ეს ძალიან მაღალი დონის არ არის. მე ვფიქრობ, რომ ტერორისტული საფრთხის აღკვეთა საქართველოს სპეცსამსახურებმა კი არა, ბევრად უკეთ აღჭურვილმა და გამოცდილმა სპეცსამსახურებმაც ვერ შეძლეს, ვგულისხმობ საფრანგეთს.
– ტერორიზმთან ბრძოლამ გლობალური სახე მიიღო, საფრანგეთი, რუსეთი და აშშ აქტიურად ჩაებნენ ანტიტერორისტულ კამპანიაში. ეს დაცულობის მეტ გარანტიას გულისხმობს საქართველოსთვის?
– რასაკვირველია. კოალიციური მიდგომა გაჩნდა საკითხისადმი. ინფორმაციის გაცვლა ხდება ყველა დაინტერესებულ ქვეყანას შორის. უსაფრთხოების ხარისხი ამაღლდება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჩართულია ამ პროცესში.
– ისლამურმა სახელმწიფომ“ „გურჯისტანის ვილაიეთის” შექმნის შესახებ განაცხადა. ვიცით, რომ მათი ტერიტორიული ამბიციები ძალიან დიდია და ძირითადად მოიცავს ერაყს, სირიას და სხვა. აღნიშნული ვილაიეთის შექმნის იდეა საქართველოდან წასული მებრძოლების იდეაა, თუ ISIS ლიდერების ინტერესშია საქართველო და ზოგადად კავკასია?
– “გურჯისტანის ვილაიეთი“ ჯერჯერობით არის იდეის დონეზე. არსებობს კავკასიური ვილაეთი. ისლამური ხალიფატის იდეოლოგიის მიხედვით, უნდა აღდგეს ხალიფატი, რომელიც არსებობდა IX-XIII საუკუნეებში. ეს ხალიფატი იყო ინდოეთიდან ესპანეთის ჩათვლით, რომელშიც შედიოდა კავკასიური საამირო, რომლის ემირაც თბილისში იჯდა. ამის აღდგენა უნდათ. კავკასიური ვილაიეთი ისედაც შექმნილია. ვიღაცა 4-5 ქართველს მოუნდა, რომ გამოეჩინა თავი… როგორც ხდება ხოლმე ქართული ხასიათიდან გამომდინარე.
ხალიფატის ხელმძღვანელობას ნაკლებად აინტერესებს და მისთვის სულ ერთია იარსებებს თუ არა „გურჯისტანის ვილაიეთი“ იმიტომ, რომ ისედაც არსებობს კავკასიის ვილაიეთი.