ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, ISFED-ისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი”- ირაკლი კობახიძე

“ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი,” – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ  ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განმარტა, გუშინ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა კიდევ უფრო სკანდალური განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა.

“რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” გაავრცელა სკანდალური განცხადება და აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვალაში. გუშინ ამ განცხადებას დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის კიდევ უფრო სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია მთელი ვითარების კრიზისში შეყვანას მთელი ამ დროის მანძილზე ყოველდღიურად ცდილობდა, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში PVT-ს სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა, რაც, დამეთანხმებით, უკიდურესად შემაშფოთებელია.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას. თუმცა, “სამართლიანმა არჩევნებმა” ჩვენს თავაზიან მიდგომას დაუპირისპირა არასათანადო პასუხი,

რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში მან შეიტანა ორი ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი.

პირველი – განცხადებაში აღინიშნა, რომ, თითქოს, შესწორება არ ახდენს გავლენას მანდატების განაწილებაზე, მაშინ, როდესაც PVT-ის პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა. მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მცდარი ინფორმაცია უკავშირდება ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს – კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ განცხადებაში გავრცელებული შემდეგი მცდარი შეფასება: „გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა“,- ეს არის მათი ციტატა,”- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც ელენე ნიჟარაძე წერდა გამოვლენილ ხარვეზებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვნად არ უმოქმედია, ძალიან მძიმე იყო.

იტვირთბა....