ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ირანელი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯის გამო საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ავსტრიამ თეირანში დაგეგმილ ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადეს

საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ავსტრიამ თეირანში დღეისთვის დაგეგმილ ევროპა-ირანის ონლაინ ბიზნეს ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადეს. – აღნიშნული ბოიკოტის მიზეზი ირანში ოპოზიციონერი ჟურნალისტის რუჰოლა ზამის სიკვდილით დასჯა გახდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ფორუმის ორგანიზატორებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ მათ ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამასთან, აღნიშნულის პასუხად ირანმა საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარა.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი რუჰოლა ზამი, რომელიც პოპულარულ ანტისამთავრობო ვებგვერდ Amad News- ს ხელმძღვანელობდა, შაბათს დილით სიკვდილით დასაჯეს. ის 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს, სიკვდილით დასჯა კი მიმდინარე წლის ივნისში მიუსაჯეს. ჟურნალისტი „გლობალურ კორუფციაში“, ჯაშუშობასა და ირანის მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს.

ინფორმაციისთვის, ირანის ხელისუფლება რუჰოლა ზამს 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად მიიჩნევდა. ზამი საკუთარ ვებგვერდ AmadNews-სა და „ტელეგრამის“ არხზე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა.

იტვირთბა....