ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე: უნდა წარმოვიდგინოთ ეს 150 დეპუტატი და ვიკითხოთ – ილაპარაკებდნენ ისინი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელ შრომაზე…

„სინამდვილეში კითხვა ის კი არ არის „ვინ აპრავებს გაყალბებულ არჩევნებს?“ კითხვა ასეთია: ვინ აპრავებს გაყალბებულ რეალობას?“, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უნდა დავფიქრდეთ, როგორი შეიძლება ყოფილიყო პარლამენტი ამ კონფიგურაციით:

„მოლაპარაკე თავები, მედია, საჯარო ინსტიტუტები კონცენტრირებული არიან ერთ საკითხზე – „ვინ შევა პარლამენტში და ვინ გააპრავებს გაყალბებულ არჩევნებს“.
მაგრამ მგონი ამის მიღმა ერთი ნაბიჯი კიდევ უნდა გადავდგათ და დავფიქრდეთ როგორი შეიძლება ყოფილიყო პარლამენტი ამ კონფიგურაციით.
უნდა წარმოვიდგინოთ ეს 150 დეპუტატი და ვიკითხოთ: ილაპარაკებდნენ ისინი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელ შრომაზე შახტებში, მაღაროებში, მეტროში? მომსახურების სექტორში დასაქმებული ადამიანების უფლებებზე? ქალთა აუნაზღაურებელ შრომაზე და ორმაგ ექსპლოატაციაზე? ნამახვანის ჰესის გარემოსა და ადამიანებზე ზემოქმედებაზე (პანკისზე, მაჭახელაზე და ა.შ.)? რუსთავში და სხვა ქალაქებში ჰაერის დაბინძურებაზე? საჯარო განათლების დაბალ დონეზე და ამით შექმნილ უთანასწორობაზე? არსებული რესურსების უფრო სამართლიან გადანაწილებაზე? სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული ადამიანების პრობლემებზე? გავალიანებზე (ყველას ბანკის ვალია აქვს) და დრაკონულ პროცენტებზე? წამლების კატასტროფულ ფასებზე და ჯანდაცვის მხოლოდ მდიდრებისთვის ხელმისაწვდომობაზე? ან სხვა პრობლემებზე რომელიც რეალურ საქართველოში რეალურ ადამიანებს აწუხებთ?
სინამდვილეში კითხვა ის კი არ არის „ვინ აპრავებს გაყალბებულ არჩევნებს?“
კითხვა ასეთია: ვინ აპრავებს გაყალბებულ რეალობას?“, – წერს მენაბდე.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტი ოპოზიციის გარეშე შეიკრიბა. ოპოზიცია ბოიკოტს აგრძელებს.

იტვირთბა....