„სამართლიანი არჩევნები“(ISFED) მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება, ხმების პარალელური დათვლის შესახებ ერთი მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მეორე მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და უფრო პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ემსახურება.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მათ ჩაატარეს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მრავალშრიანი აუდიტი და დაიწყეს შუალედური ანგარიშის მომზადება.
„ანგარიშში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როგორც PVT-ს აუდიტის შედეგების, ისე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი მიგნებების შესახებ. შუალედური ანგარიში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება“- აცხადებენ ISFED-ში.