“სულისშემძვრელი წერილები კი მრავლად არის, მაგრამ დღეს ასეთიც მივიღე” – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
კეკელიძეს წერილი მიწერეს, სადაც ქალბატონი ამბობს, რომ მეუღლისთვის წიგნის ჩუქება უნდა, თუმცა ამისთვის ფული არ აქვს და კეკელიძეს დახმარებას თხოვს.
„საღამო მშვიდობისა ბატონო გიორგი… გაწუხებთ ბოდიშის მოხდით.. მაინტერესებს წიგნებს მხოლოდ სტიპენდიატებს ჩუქნით თუ სხვა ადამიანებსაც აქვს შანსი? ჩემი მეუღლე არის ძალიან კარგი მკითხველი, ასევე წერს ლექსებს ჩანახატებს..
თუმცა ამას პიარისთვის არ გწერთ..
უბრალოდ წიგნებს ვერ ვყიდულობთ, ქირით ვცხოვრობთ, ჩვენს 4 წლის გოგონასთან ერთად..
არის შემთხვევები პურის ფულით წიგნი გვეყიდოს, მაგრამ თუკი შანსი არსებობს,ახალი წელი მოდის და მინდა გავახარო ჩემი მეუღლე..არანაირ თანხას არ ვითხოვ.. თუ შესაძლებელია წიგნებს ვიჩუქებდით სიამოვნებით ნებისმიერს. მადლობა.
თქვენი მკითხველი.”
ჰოდა, განა რამე, ამ ოჯახის ბიბლიოთეკას ჩვენც გავწვდებით, უბრალოდ მინდოდა კიდევ ერთხელ შეგემჩნიათ, რომ საქართველო ასეთი ხალხიცაა, ასეთი უცნაურად მორიდებული ადამიანები. ისინი ვერასდროს მოხვდებიან რაღაც შოუ-გადაცემებში – მანერული მანჭვა არ არის მათი საქმე. და არც უნდა იყოს. რადგან ქვეყანა ასეთ ადამიანებზე იდგა. აქამდეც და ხვალაც იდგება”, – წერს გიორგი კეკელიძე.