ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პოლიციამ დააჯარიმა სამტრედიის საკრებულოს წევრი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, ქუჩაში გადაადგილდებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

პოლიციამ დღეს დააჯარიმა სამტრედიის საკრებულოს წევრი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მამუკა ბიბილეიშვილი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, ქუჩაში გადაადგილდებოდა. ინფორმაცია “პრაიმტაიმს” შსს-ში დაუდასტურეს და განგვიმარტეს:

„იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, 1973 წელს დაბადებული, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საკრებულოს წევრი მ.ბ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. მ.ბ.-ს, 2020 წლის 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, “კოვიდ-19”-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მას შემდეგ იგი კოვიდაღრიცხვაზე იმყოფება. ინფიცირებულმა მამაკაცმა დაარღვია დადგენილი წესები, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა.

სამართალდამცველებმა მ.ბ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000 ლარით იმ დროს დააჯარიმეს, როცა იგი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს”.

წყარო: “პრაიმტაიმი”

იტვირთბა....