ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ფოტო) ლილოში ხანძარი ლიკვიდირებულია

ლილოში, სასაწყობე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის უმოკლეს დროში ლოკალიზება და სასაწყობე ფართის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112” -ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.
შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულ პირველ მორეაგირე ჯგუფს რკინის კონსტრუქციის სასაწყობე ნაგებობაში გაჩენილი ხანძარი დახვდა. შენობაში დასაწყობებული იყო საღებავები და პლასტმასის შერეული საქონელი, რაც ართულებდა სამუშაოებს. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ლილოს მიმართულებით დამატებით გავიდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
ხანძრის ქრობის პროცესში სულ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 14 ერთეული სპეცტექნიკა და 70 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლის უმოკლეს დროში ლოკალიზება და სასაწყობე ფართის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იტვირთბა....