ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დიდად საუბრის განწყობაზე არ არის, წუხს, პანდემიურ სიტუაციას განიცდის”- გულიკო ჩაფიძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოანდემიის გამო წირვებს აღარ ატარებს და მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე მასთან ძალზედ შეზღუდულად კონტაქტობენ.

კარდიოლოგი, გულიკო ჩაფიძე ერთ-ერთია, ვისაც ამ პირობებში, უწმინდესის მონახულება შეუძლია.

როგორც “პრაიმტაიმთან” ჩაფიძე აცხადებს, ის პატრიარქს კვირაში ორჯერ-სამჯერ ნახულობს.

ექიმი ილია მეორის მდგომარეობის შესახებ ყვება და ამბობს, რომ ის კარგადაა.

“ბოლოს ორი დღის წინ ვნახე და დღესაც მივდივარ მოსანახულებლად. რა საკვირველია კარანტინშია, მეც კარანტინში ვარ. სახლში ვარ ჩაკეტილი, რომ მისი ნახვის უფლება მქონდეს. ჩვენთან, კლინიკაში, ვირუსი გავრცელებულია და ამიტომ მე სახლში ვარ.

პატრიარქი ფიზიკურად კარგად არის, ღმერთის წყალობით, სამკურნალო არაფერი სჭირს. წუხს, ვირუსი რომ ასე არის გავრცელებული. პანდემიურ სიტუაციას განიცდის. ხალხზე ლოცულობს, სიმშვიდეზე ლოცულობს. უნდა, რომ ხალხი დაწყნარდეს. წუხს, რომ ეკლესიაში ვერ დადის,”- ამბობს ჩაფიძე.

ექიმის ვარაუდით, პატრიარქი წირვების ჩატარებას დეკემბრის თვიდან განაახლებს.

“დეკემბრის მეორე ნახევრიდან, ალბათ, დაიწყებს ტაძარში სიარულს. ვირუსის გავრცელებაც, ალბათ, შემცირდება… მთელი იანვარი დატვირთული იქნება. ამიტომ ახლა უნდა მოვუფრთხილდეთ,.

პატრიარქს აინტერესებს, სხვა ქვეყნებში პანდემიის კუთხით რა მდგომარეობაა. ამას წინათ მკითხა, ინგლისის დედოფალი როგორ არისო? გადმოსცეს, ელისაბედი დეკემბერში ვაქცინას იკეთებსო.

დიდად საუბრის განწყობაზე არ არის. მოცარტი უყვარს და კლასიკას ხშირად უსმენს. მე უბრალოდ მოსანახულებლად მივდივარ. ყურადღებას ვაქცევ. ზოგჯერ კვირაში ორჯერ, ზოგჯერ სამჯერ ვნახულობ. მენატრება ხოლმე”- აღნიშნავს ექიმი.

ჩაფიძის თქმით, ახლა საპატრიარქოში არავის უშვებენ. მიმოსვლა აკრძალულია.

“ახლა საპატრიარქოში სიწყარეა, არავის უშვებენ. მიმოსვლა აკრძალულია, უწმინდესი იზოლირებულია. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ ვნახულობთ. დანარჩენი, ვინც საპატრიარქოშია, გარეთ არ გამოდიან. გაფრთხილება საჭიროა. თორემ ისე, სულ ხალხმრავლობაა უწმინდესთან. დასალოცად მიდის ხალხი. ესეც აწუხებს, რომ ახლა ხალხი ვეღარ დადის, მაგრამ ეს დროებითია,”- ამბობს ექიმი.

ექიმის თქმით, უკვე 31 წელია, რაც ის პატრიარქთან დადის.

 

 

 

იტვირთბა....