გუშინ გვიან ღამით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში პენსიონერის ოჯახი დააყაჩაღეს.
დაზარალებულის შვილის ინფორმაციით, ასაკოვანი ქალი მარტო ცხოვრობს. მისივე თქმით, თავდამსხმელები ითხოვდნენ ფულს და ძვირფასეულობას. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელებმა ქალს სცემეს, დააუთოვეს და წებოვანი ლენტით დააბეს. სახლიდან წაღებულია ერთი თვის პენსია.
“საშინელ მდგომარეობაშია. დამხვდა დასისხლიანებული, ნაწამები, ფული ჰქონდა ძალიან ცოტა, 200 ლარი და ეძებდნენ მეტს, ეუბნებოდნენ, კიდევ გაქვს ფულიო. დააუთოვეს. “გადასკოჩეს”. მითხრა, ერთი საათი ვიხსნიდი, ძლივს გავითავისუფლე თავიო” – ამბობს დაზარალებულის შვილი.
დაშავებული სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად კლინიკაშია გადაყვანილი. მას ექსპერტიზაც ჩაუტარდება.
გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს და პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.