“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, თუ ხელისუფლება ოპოზიციის მიერ შეთავაზებული პაკეტიდან რომელიმე პუნქტს არ დათანხმდება, შეთანხმება ვერ შედგება.
როგორც უგულავამ “ფორმულასთან” განაცხადა, ორი ვარიანტი შეთავაზების მხოლოდ ერთ პუნქტს აქვს, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს ან არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებას უკავშირდება.
“ჩვენი შეთავაზება მოიცავს ოთხ პუნქტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პუნქტებიდან შეიძლება რაიმე ამოვარდეს. მხოლოდ 1 პუნქტს აქვს ორი ვარიანტი – რიგგარეშე არჩევნები ან პლებისციტი არჩევნების შესახებ. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ცესკო-ს რეფორმას, ეს არის საკითხები, რომელთა მოკლებაც ნიშნავს პირობის დარღვევას.
მარტივად რომ ვთქვათ, რიგგარეშე არჩევნები თამარ ჟვანიას პირობებში არ ჩატარდება, ამას არ დავთანხმდებით, ისევე როგორც მარტო ცესკო-ს რეფორმას რიგგარეშე არჩევნების გარეშე. ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება აუცილებელი წინაპირობაა, თუ გვინდა ვირწმუნოთ, რომ ოდნავ მეტნაკლებად ნორმალურ ვითარებაში ტარდება არჩევნები”, – განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის შეთავაზება ოპოზიციის მხრიდან დიდი დათმობაა, რაზეც ხელისუფლება უნდა დათანხმდეს.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 6 დეკემბერს ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა