სტუდენტთა ჯგუფი გეგმავს, შეიტანოს საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მოითხოვენ, კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ გაუქმდეს ჩანაწერი უნივერსიტეტებში პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების არსებობის აკრძალვის თაობაზე.
აღნიშნული სარჩელის დეტალებზე „მეტრონომი“ სტუდენტური გაერთიანება „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელს, მაკა ტოხიშვილს ესაუბრა.
მეტრონომი: – უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს თქვენ მიერ მომზადებული სარჩელი?
მაკა ტოხიშვილი: – პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნა საქართველოს უნივერსიტეტებში აკრძალულია კანონით, თუმცა მსოფლოს არცერთ წამყვან ქვეყანაში ასე არაა, პირიქით, ახალგაზრდებს უწყობენ ხელს, რათა შექმნან პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულები, რომლის ფარგლებშიც, განიხილავენ ყველაზე აქტიურად პოლიტიკურ საკითხებს. ჩვენთან მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობაა, რომელიც მონოპოლიზებულია და ემსახურება მხოლოდ მმართველი ხელისუფლების ინტერესებს, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტებში და არ ითვალისწინებს სტუდენტების ხედვებს. ჩვენი მოთხოვნაა, კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ ანტიკონსტიტუციური ჩანაწერი, ამგვარი ერთეულების შექმნის აკრძალვის შესხებ, გაუქმდეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება სტუდენტების თავისუფალი განვითარების უფლებასა და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, შესაბამისად, ჩვენ მოვამზადეთ საკონსტიტუციო სარჩელი და გვსურს მისი შეტანა უახლოეს მომავალში.
– პოლიტიკურ სტრუქტურულ ერთეულებში პარტიები იგულისხმება თუ სხვა ტიპის გაერთიანება?
– მსოფლიოს უნივერსიტეტებში დაშვებულია იდეოლოგიებზე დაფუძნებული სტრუქტურული ერთეულების შექმნა, მაგალითად – მემარჯვენე მოძრაობა, მემარცხენე და ა.შ. ამასთანავე, პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, შექმნან ახალგაზრდული მოძრაობები უნივერსიტეტში და იქ, შესაბამისად, იდეურად მიდიოდეს დისკუსიები. წამყვან უნივერსიტეტებში, წინასაარჩევნოდ, მიდიან პოლიტიკოსები და საჯარო დებატებს მართავენ ერთმანეთში, რასაც სტუდენტები უყურებენ და დემოკრატიის კულტურაც ვითარდება. მეორე მხრივ, თავად სტუდენტები მართავენ დებატებს, პოლიტიკური კულტურა მაღლდება და ამას ესწრებიან პოლიტიკოსები, არჩევენ სტუდენტებს, ასე ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, პოლიტიკურად განვითარდნენ, ჩვენთან კი ეს კანონით აკრძალულია.
– კონკრეტულად, სტუდენტთა რომელი ჯგუფია სარჩელის ავტორი?
– ჩვენ ვართ „პროგრესის ცენტრი“, ორგანიზაცია დაკომპლექტებულია სტუდენტებისგან, გვაქვს სტუდენტთა უფლებების ადვოკატირების პროგრამა და ვმუშაობთ იმაზე, რომ ერთადერთი ორგანო არ იყოს დღეს უნივერსიტეტში, რომელსაცფ წინასაარჩევნოდ, ხელისუფლება გამოიყენებს, გვინდა შედგეს პლურალისტული გარემოს საუნივერსიტეტო სივრცეში.
ახლა, მაგალითად, 8 000 ხელმოწერა შევაგროვეთ, ერთ კვირაში და ვითხოვთ სწავლის საფასურის განახევრებას, პანდემიის პირობებში. ამგვარი საკითხები სწორედ უნივერსიტეტის შიდა ერთეულებში უნდა განიხილებოდეს.
ჩვენ რომ ვიყოთ ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში ან ამერიკის კონტინენტზე, რექტორი მოვიდოდა ამგვარ ერთეულში, დავსხდებოდით შიგნით და განვიხილავდით სწავლის საფასურის განახევრებას და ა.შ.
აქ ფიზიკურად არ ხდება ეს რადგან კანინითაა აკრძალული.
– „პროგრესის ცენტრი“ აერთიანებს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თუ კერძოსაც?
– ყველაა ჩართული, როგორც კერძოდან, ისე საჯაროდან, კერძოები მეტად თავისუფალნი არიან, ამ მხრივ, მაგრამ რადგან კანონითაა აკრძალული, მაინც არ ხერხდება. დღეს არსადაა აქ ისე, რომ რომელიმე პოლიტიკოსი მოვიდეს და საჯარო დებატები გაიმართოს, ეს მხოლოდ არასმთავრობოების ეგიდით ხდება, მაგრამ იქ პროფესორებს უკრძალავენ კრიტიკული სიტყვის თქმას.
ამ დროს, მე თავად ვესწრებოდი, ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა საერთაშორისო არასმთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური დებატი, მახსოვს, გიგა ბოკერია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და კიდევ ერთი პოლიტიკოსი იყვენ, მაღალი ინტერესის გამო, იატაკზე ისხდნენ სტუდენტები და უზომოდ საინტერესო გამოვიდა. ასე უნდა ხდებოდეს უნივერსიტეტებში.
ცნობისთვის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში არსებობს ჩანაწერი, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები.
ესაუბრა თამთა ქარქაშაძე