„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ადრეა. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკების დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრით არაფერი არ დასრულდება.
„ყველაფერი დამოკიდებულია შეხვედრაზე. ყველა საკითხზე ვისაუბრებთ. რაიმე კომპრომისზე ლაპარაკი ადრეა. ამ შეხვედრით არაფერი დასრულდება. იმედია, ამის ილუზია არავის აქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 6 დეკემბერს ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა.