საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.
როგორც “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მოლაპარაკების დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ოპოზიციის სურბილია, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს.
ბაქრაძის თქმით, კრიზისი გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა, რომლის განმუხტვისთვისაც მიმდინარეობს მუშაობა.
„მოლაპარაკებები არსებობს იმიტომ, რომ განსხვავებული პოზიციები დაახლოვდეს, ჩვენი სურვილია, ეს პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. კრიზისი, რომლის განმუხტვისთვისაც დღეს ვმუშაობთ, გაყალბებული არჩვენების შედეგად არის შექმნილი“,-განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, 6 დეკემბერს ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური ლიდერები არჩევნების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობენ. ფასილიტატორი ელჩები ოპოზიციის პარტიებს რეკომენდაციით მიმართავენ, პარლამენტში შევიდნენ, რაზეც ლიდერები უარს აცხადებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და მოპოვებულ მანდატებზეც უარს ამბობენ.