„კვლევებმა რემდესივირის ეფექტურობა ვერ დაადასტურა. კვლევის შედეგებით, რომელზეც ბევრი დაიწერა და აქ აღარ შევჩერდები, ამ პრეპარატს ან საერთოდ არანაირი ან ძალიან უმნიშვნელო გავლენა ჰქონდა დაავადების მიმდინარეობაზე. იმდენად უმნიშვნელო, რომ ჩვენს კლინიკაში რემდესივირი ამოღებულია სქემიდან და უკვე კვირეებია აღარ ინიშნება” – ამის შესახებ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გერმანიიდან საქართველოში High Flow აპარატები რომ ჩამოეტანათ ბევრი პაციენტის გადარჩენა მოხდებოდა.
“იმისთვის, რომ ყველამ კარგად გაიაზროს ამ ინფორმაციის მნიშვნელობა დავწერ, შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკა უკვე მე-7 წელია არა მარტო გერმანიის, არამედ მთელი ევროპის საუკეთესო კლინიკებს შორის პირველ ადგილზეა.
კონკრეტულად ჩვენი განყოფილება შარიტეში: პულმონოლოგია და ინფექციოლოგია ბერლინის (ბერლინს 3,7 მილიონი მოსახლეობა ჰყავს) პირველი კოვიდ-მიმღები დეპარტამენტია და ვიმეორებ, ამ კლინიკაში კოვიდ-პაციენტებს რემდესივირით აღარ ვმკურნალობთ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ რემდესივირი თურმე „მხოლოდ“ 400 000 ჯდება. ამ თანხით შემოტანილი რემდესივირის რაოდენობა რამდენ ადამიანს ეყოფა, ამაზე ითქვა რამე? ერთი ადამიანისთვის საჭირო დოზა, სრული კურსი 2 000 ევრო ჯდება (აქაური ინფორმაციით) ანუ ამ 400 000ში მხოლოდ 200 ადამიანი მოიაზრება. პრინციპში, აწი შეიძლება უფრო ნაკლებიც დაჯდეს, რადგან წამყვანი ქვეყნები და კლინიკები აღარ იყენებენ.
ეხლა ყველაზე მთავარი საიკითხი. ერთი High Flow-აპარატი (აპარატი, რომელიც ჟანგბადს მაღალი წნევით მიაწვდის პაციენტს) იცით რა ღირს? ეს ის აპარატია, რომელიც ბევრ პაციენტს ინტუბაციას და მართვით სუნთქვაზე გადაყვანას აარიდებდა. მართვით სუნთქვაზე გადაყვანილ პაციენტთა უმრავლესობა, სავარაუდოდ 90%მდე თუ მეტი არა, საქართველოში დაიღუპა. ხომ მიხვდით ამ აპარატის მნიშვნელობას?! ეს ის აპარატია, რომელსაც ყველა, ვისაც ინტენსიურ მედიცინაში რამე გაეგება, მარტის მერე იხვეწება საქართველოში. ერთი HighFlow-ს აპარტი, ყველა თავისი ზონდით და ნიღბით 2000 ევრო ღირს მაქსიმუმ და თუ ბევრს ერთად შეუკვეთავ, სავარაუდოდ ნაკლებიც” – წერს თამარ ჟამურაშვილი.