ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ ეპიდემიის გამო, ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ მეუფემ ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე ამბობს, სასულიერო პირები და მრევლი ცდილობენ, გაცემული რეკომენდაციები შეასრულონ და ამით ვირუსის გავრცელების პრევენცია მოახდინონ.
მეუფე გრიგოლის თქმით, თუ ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა აუცილებელი გახდა, საკითხზე იმსჯელებენ და სპეციალისტების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.
,,თუ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რა თქმა უნდა ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა ჩვენ მაინც სპეციალისტებს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. ღვთისმსახურების დროსაც კი სასულიერო პირები პირბადეებით, თუ ნიღბებით დგანან, ასევე მრევლი. ამ ეტაპზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ, მე ვერ გეტყვით“,- აღნიშნა მეუფემ.
ამასთან მეუფე აღნიშნავს, რომ ღვთისმსახურების ჩატარების პრობლემაა, ვინაიდან არაერთი სასულიერო პირი ინფიიცრებულია, მაგრამ მრევლს ლოცვას ვერავინ აუკრძალავს.
„ზოგი სასულიერო პირი იზოლაციაშია სიფრთხილის გამო, ზოგი დაავადებულია, ინფიცირებულია და ზოგიერთ ადგილებში ღვთისმსახურების ჩატარების პრობლემაა, რადგან სასულიერო პირი ინფიცირებულია. სხვაგანაც, ევროპის ქვეყნებშიც, რა მდგომარეობაა და ამჯერად დაკეტვების ფონზე, ეკლესიები არ დაკეტილა, უფლება აქვთ ღვთისმსახურებისა, თუმცა გარკვეული შეზღუდული რაოდენობებით. ღვთისმსახურების შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ შევიდნენ და ილოცონ. ადამინს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.