ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 8 დეკემბრამდე მისცეს. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფაშინიანს დრო 8 დეკემბრის 12:00 საათამდე მისცეს, რომ ბოლო დისკუსია გამართოს თავის პოლიტიკურ გუნდთან და გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.
შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში რუსეთის ძალები განთავსდებიან. იმავე დღეს ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.