საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ელჩების შეხვედრა დასრულდა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ლიდერებმა ელცებს მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც საერთო პოზიციას ასახავს.
„ჩვენ სრულფასოვანი დოკუმენტი მივაწოდეთ იმ მიმართულებით, რაც საჯაროდაც ცნობილია და რაც ჩვენთვის არის პრინციპული, რაშიც სიახლე არ არის, ანუ ფუნდამენტურ მიმართულებებზე. ველოდებით ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად, ასევე სრულფასოვან დოკუმენტს „ქართული ოცნებისგან“, კრიზისიდან გამოსვლის ხედვასთან დაკავშირებით,”- აცხადებს ბოკერია.
შეგახსენებთ, ოპოზიციური ლიდერები არჩევნების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობენ. ფასილიტატორი ელჩები ოპოზიციის პარტიებს რეკომენდაციით მიმართავენ, პარლამენტში შევიდნენ, რაზეც ლიდერები უარს აცხადებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და მოპოვებულ მანდატებზეც უარს ამბობენ.