ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

GDS და Rustavi 2 დააჯარიმეს არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმებისა და სერიალების განთავსებისთვის

კომუნიკაციების კომისიამ ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „ჯი-დი-ეს თი-ვი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო 2500-2500 ლარით დააჯარიმა.

კომისიის განმარტებით,მოქალაქეებისგან შევიდა საჩივარი საჩივარი მაუწყებლების მიერ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმებისა და სერიალების განთავსების თაობაზე.

„კერძოდ, მაუწყებლებს დარღვევა გამოუვლინდათ მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვებისა და შესაბამისი ნიშანდების მინიჭების წესის აღსრულების ნაწილში. აღნიშნული სამართალდარღვევა მაუწყებლებისთვის ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა კომისიაში საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ სრულად ამოიღო დარღვევით განთავსებული ფილმები, ხოლო ,,ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ ნაწილობრივ. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“ ვალდებულია არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი სერიალის კანონით აკრძალულ დროს განთავსება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

ბავშვის უფლებათა კოდექსში შესული ცვლილებებით, მაუწყებლებმა არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებისგან თავი უნდა შეიკავონ დღის შემდეგ მონაკვეთებში: 18 წლამდე მოზარდისთვის შეუსაბამო პროგრამა 6-იდან 24 საათამდე, 15 წლამდე 6-იდან 23 საათამდე, 12 წლამდე 6-იდან 21 საათამდე, 7 წლამდე 6-იდან 21 საათამდე. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან ბავშვის დაცვა, რა მიზნითაც მაუწყებელი პროგრამულ ბადეს უნდა გეგმავდეს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ძალაში შევიდა კომუნიკაციების კომისიის დადგენილება, რომელიც ბავშვებს ინტერნეტში განთავსებული საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს. მშობლებს ეძლევათ მოქნილი მექანიზმები შვილებისთვის ისეთ ვირტუალურ სივრცეებთან წვდომის შესაზღუდად, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ“, – აცხადებენ კომინიკაციების კომისიაში.

იტვირთბა....