„ტაბულას“ დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელსი ოპოზიციას მიამართავს:
„ჩვენ, ვისაც ივანიშვილის გაშვება გვინდა, საქმე გვაქვს ხალხთან და არა ერთმანეთთან. მინდა დროზე ამოიწუროს ბოიკოტის საკითხი და საქმეს მივხედოთ, ხალხში გავიდეთ. ერთმანეთს კი არ ელაპარაკონ – ხალხს ელაპარაკონ. ხომ ირტყით მჯიღი ისე, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არცერთს გიფიქრიათ რას სიმძიმის აწევას ცდილობდით, როცა ბოიკოტს აცხადებდით – ახლა, კეთილი ინებეთ და აწიეთ ის, რა მოლოდინიც ამომრჩეველს გაუჩინეთ.
ამის შემდეგ – დიდი საპროტესტო კამპანია უნდა დავიწყოთ კარდაკარით. დავკიდოთ გაზაფხულზე ვადამდელის მოთხოვნით საპროტესტო აქციის თარიღი. მანამდე გავიშალოთ ყველა – პარტიებიც, სამოქალაქო ორგანიზაციებიც, და ისე გავაკეთოთ რომ არცერთი ოჯახი არ დარჩეს, სადაც არ მივედით და ავუხსენით:
რა გვინდა? რას ვიცავთ? ვისგან ვიცავთ? ამომრჩეველი რას მიიღებს. მედიას როგორ არ აქვს მნიშვნელობა – აქვს. მაგრამ მედია არ ანაცვლებს პირად კონტაქტს. მითუმეტეს ახლა – როცა ინფორმაციის ზღვა მოედინება ტელევიზორიდან, ტელეფონიდან, კომპუტერიდან. არაფერი ანაცვლებს პირად კონტაქტს” – წერს ჩერგოლეიშვილი.