მიუხედავად იმისა, რომ „ცუდი ღვინო პრაქტიკულად აღარ იყიდება“, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მისი უწყების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღმოჩნდა რომ ქართველები არაყს უფრო მეტად ვეტანებით, ვიდრე ღვინოს და თანაც შვიდჯერ მეტად.
“ღვინის ხარისხი სისტემატურად კონტროლდება. ცუდი ღვინო პრაქტიკულად აღარ იყიდება. საეჭვო ღვინო ძალიან ცოტა გამოვავლინეთ. შეგვიძლია, ამით ვიამაყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბოთლი ღვინო, რომელიც ქართულ დახლზე დევს, მაქსიმალურად უტოლდებოდეს ნებისმიერ ექსპორტირებულს, რადგან ექსპორტის ნაწილში იმიჯი გაცილებით მეტი აქვს ქართული ღვინის ხარისხს”, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ღვინისა და არყის მოხმარების სავალალო შეფარდება სწორედ მინისტრმა აღნიშნა: “სამწუხარო ციფრები გვაქვს არყისა და ღვინის მოხმარების ნაწილში. დაახლოებით 7-ჯერ მეტი არაყი მოიხმარება საქართველოში, ვიდრე ღვინო, რაც საკმაოდ სავალალო ციფრია. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ, ხელი შევუწყოთ ამის ბალანსს”, – თქვა მინისტრმა.
მიუხედავად, მინისტრის ასეთი ოპტიმისტური ნოტისა, საკმაოდ რთული გამოსაკვლევია, რამდენად ხარისხიანი ე.წ. ჩამოსასხმელი ღვინო იყიდება, ბაზრებსა თუ ტროტუარებზე.