„საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ბოლო ერთი წლის მანძილზე დაგროვდა მრავალი ხარვეზი, რომელმაც უარყოფითი ზეგავლენა იქონია სისტემის გამართული ფუნქციონირების საქმეში” – ამის შესახებ „კლინიკების ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“კლინიკების ასოციაცია” საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას რეკომენდაციებით მიმართავს და მოუწოდებს, რომ ხარვეზების აღმოფხვრელად ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები დროულად უნდა განხორციელდეს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აკადემიური და პროფესიული ნიშნით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების შერჩევის პროცესში საქართველოს კლინიკების ასოციაცია მზადაა მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრესსამსახური ავრცელებს.
“აღნიშნული ხარვეზებიდან აღსანიშნავია ნაჩქარევი და არასრულფასოვანი დადგენილებები, როგორიცაა: მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილება (რომლის შედეგად შეფერხდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგების მუშაობა, მათ შორის – ინტერვენციული კარდიოლოგია); მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №586 დადგენილება (რომლის შედეგად დიდ ქალაქებში მრავალმა პოლიკლინიკამ და ამბულატორიამ ფუნქციონირება შეაჩერა. 13 000 ბენეფიციარის არ ყოლის გამო საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან მათი გამოთიშვის გამო მრავალი მათგანი საერთოდ დაიხურა, ეს მაშინ, როდესაც თითოეულ უბანში მათი ფუნქციონირება სასიცოცხლო მნიშვნელობის გახლავთ); მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილება (რომლის შედეგად სტუდენტებს და რეზიდენტებს საკვალიფკაციო გამოცდებში ევალებოდათ გაუაზრებელად დაწესებული თანხის გადახდა); სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მიღებული კაბალური გადაწყვეტილებები (რომლის თანახმად პოლიკლინიკებს და ამბულატორიებს 2013-2016 წლებში საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში რეგისტრირებულ ბენეფიციართა პირადობის მოწმობის ქსერო-ასლების სრულად არ ქონის გამო ასიათასობით ჯარიმა დააკისრა, რის შედეგად პოლიკლინიკები და ამბულატორიები იძულებული გახდნენ ფუნქციონირება შეეწყვიტათ); პანდემიასთან ბრძოლის საქმეში აღმოჩენილი უხეში დარღვევები (ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში დაავადების პრევენციის და პროფილაქტიკის მიზნით გატარებული დაგვიანებული და არაეფექტური ღონისძიებები); პანდემიის II ფაზისთვის ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობა და არასათანადოდ მომზადება (რამაც მდგომარეობა კატასტროფულ ნიშნულამდე მიიყვანა).
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს კლინიკების ასოციაციამ გაავრცელა რამდენიმე ღია მიმართვა (იხ.დანართი), შესაბამისი რეკომენდაციებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული რეკომენდაციები და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს საკადრო ცვლილებები განხორციელდეს დროულად. აკადემიური და პროფესიული ნიშნით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების შერჩევის პროცესში საქართველოს კლინიკების ასოციაცია მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან” – ნათქვამია მიმართვაში.