შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ-ერთი აფთიაქიდან ფარმაცევტს დანის მუქარით ყაჩაღურად გასტაცა 340 ლარი და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ლ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და აფთიაქიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.