სამგორის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე სკვერებსა და სპორტულ ინფრასტრუქტურას აწყობს. ვარკეთილში უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მე-4 მიკრორაიონის N420-425 კორპუსების მიმდებარედ გაიხსნება.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, რევაზ სოხაძესთან ერთად გაეცნო.
7 300 კვ.მ ფართობზე ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე ეწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო მოედნები სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, დასასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონა, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება.
პროექტის ღირებულება 678 000 ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „მონოლითი 2005“ ასრულებს.