ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ოქრუაშვილის თანაპარტიელი, ასლან ვაშაყმაძე, რომელიც  პოლიციელებს საჯაროდ ემუქრებოდა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი, ასლან ვაშაყმაძე, რომელიც  პოლიციელებს საჯაროდ ემუქრებოდა, დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი, 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაში.

მათივე ცნობით, დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი “facebook”-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით” – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში, ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენელი ასლან ვაშაყმაძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან იყრიდა კენჭს, “ფეისბუქ ლაივის” დროს პოლიციელებს “დაჩეხვითა და თავების გაჩეჩქვით” დაემუქრა.

იტვირთბა....