ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

საქართველოს ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, ერთ-ერთი გუნდის მთავარ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ანის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ (PHR) წამომადგენელი ანა აბაშიძე ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, მწვრთნელი ფეხბურთელებს სექსუალური შინაარსის დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთების სთხოვდა და ეთნიკური ნიშნითაც ამცირებდა.

„როგორც გოგოები გვიყვებიან, მწვრთნელი მათ სექსუალური შინაარსის დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთების სთხოვდა, ასევე, ხშირი იყო სექსუალური შინაარსის დამამცირებელი ხუმრობები. ამ ყველაფერს თან ახლდა აგრესიის გამოვლინება და დამცირება ეთნიკურ ნიშანზე ხაზგასმით. ასევე, იყო გოგოების გასახდელში უკითხავად შესვლა, დამამცირებელი სექსუალური შინაარსის კომენტარები გარეგნობასთან დაკავშირებით და ა.შ.“ – ამბობს აბაშიძე.

ფეხბურთელების უფლებადამცველის თქმით, ამ დროისთვის მწვრთნელი ამ კონკრეტული გუნდიდან გათავისუფლებულია, თუმცა ის თავის საქმიანობას ჩემპიონატის სხვა კლუბში განაგრძობს.

„მწვრთნელი აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას, თუმცა კონკრეტულ საფეხბურთო გუნდს ადევს ყადაღა, იქედან გამომდინარე, რომ გოგოებმა მიმართეს სასამართლოს და გარკვეულ ფინანსურ ზარალზეა საუბარი. ასე, რომ გარკვეულ შეზღუდვების ქვეშაა კლუბი“ – განაცხადა ანა აბაშიძემ.

რაც შეეხება მწვრთნელის პოზიციას, სპეციალისტი, რომლის სახელს და გვარსაც შეგნებულად არ დავასახელებთ, სააგენტო Recorder.ge-სთან საუბრისას ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ფეხბურთელები მიზანმიმართულად ცდილობენ მის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას.

აღნიშნულ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

იტვირთბა....