ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, იზოლაციის მოხსნის კრიტერიუმად ითვლება სიმპტომების დაწყებიდან გასული 10 დღე და სიმპტომების დამთავრებიდან 3 დღე. ამის შესახებ მან „პირველი არხის” ეთერში განაცხადა.
ინფექციონისტმა ასევე განმარტა, რომ 10+3 არ ვრცელდება მძიმე პაციენტებზე, რომლებიც სტაციონარში იმყოფებოდნენ და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდათ, მათთან ეს 10 დღე გაზრდილია 20 დღემდე. ასევე აღნიშნა, რომ ყნოსვის და გემოს გაუკუღმართება ბევრს დიდხანს რჩება და ეს მათი იზოლაციის საფუძველი არ არის.
„ხშირად პაციენტები გვეკითხებიან, რომელი სიმპტომების დაწყებიდან უნდა გავიდეს 3 დღე. აქ ძნელია გამიჯვნა, ყნოსვა და გემოვნება ზოგს ძალიან დიდხანს რჩება, ამიტომ ამის გამო ჩვენ პაციენტს ბოლომდე ვირუსგამომყოფად და იზოლაციიდან არმოხსნის კანდიდატად ვერ ჩავთვლით. სასტარტო სიმპტომი არის ცხელება. ამერიკის ჩანაწერში პირდაპირ წერია – ცხელებიდან თავისუფალი 24 საათი, (ჩვენთან 72 საათი) ანუ 3 დღე უნდა იყოს გასული, პლიუს სიმპტომების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ პაციენტი იზოლაციიდან თავისუფლდება. აქ ლაპარაკია ცხელებაზე, როგორც წამყვან სიმპტომზე.
უსიმპტომო პაციენტებში ათვლის წერტილად ითვლება დადებითი PCR და ვირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ პაციენტი თავისუფლდება იზოლაციიდან, ანუ ითლება, რომ ის გადამდები აღარ არის” – აღნიშნა ინფექციონისტმა.