ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოიმატებს თუ არა პურის ფასი – პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება

„მდგომარეობა ურთულესია, ლარის მდგომარეობა და გლობალურ ბაზრებზე ხორბლის გაძვირება ფოკუსირდება ფასებზე. პურში ფქვილის ღირებულება არის საკმაოდ მაღალი პროცენტით, ძირითადი ნედლეული პურისთვის არის ფქვილი, ამიტომ ეს არის თავის სატკივარი და საფიქრალი” – ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პურის ფასი არ მოიმატებს, რადგან მოხდება სუბსიდირება. მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ სუბსიდირების არარსებობის შემთხვევაში, პურის ფასი 15-20 თეთრით გაძვირდებოდა. მისივე განცხადებით, პურის მწარმოებლებს არ ეხებათ არც გაზის გაძვირებაც.

“მინდა, დავაფიქსირო, რომ პურის ფასი არ მოიმატებს, რადგან განხორციელდება სუბსიდირება. რომ არა სუბსიდირება, პურის ფასი 15-20 თეთრით გაძვირდებოდა. ახლა, მინდა გითხრათ, ვინ ჩაერთვება სუბსიდირებაში. საქართველოში არის 2 500-ზე მეტი პურის მწარმოებელი, მათ შორის არიან ინდმეწარმეები, სააქციო საზოგადოებები, შპს-ები და ა.შ. მწარმოებელი ბევრია, მაგრამ საფუძვლად იყო აღებული ის წარმოებები, რომლებიც ერთ ტონა ფქვილს ხარჯავენ, რადგანაც განოყოფილია 10 მლნ სუბსიდირებაზე, ეს თანხა ტენდერის წესით იმ წისქვილს მიეცემა, რომელიც ფქვილის მიწოდებას უზრუნველყოფს.

ეს ეხება პურს, რომელსაც ვეძახით ქვის პურს, 0.500-გრამიანი თეთრი, ყველაზე მასობრივი ასორტიმენტი, რომელსაც მოიხმარს ჩვენი მომხმარებელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არა სუბსიდია, პურის მრეწველობა იდგა იმის წინაშე, რომ ფასი უნდა გაზრდილიყო 20 თეთრით დაახლოებით. რაც შეეხება კომერციული გაზის გაძვირების საკითხს, გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ბუნებრივი აირის ფასი გახდება 1.10 თეთრი, თუმცა ეს ფასი არ შეეხება პურის მწარმოებლებს. ოფიციალურად დამირეკა „თბილისი ენერჯის” წარმომადგენელმა, ვინც ჩვენ გვემსახურება და მითხრა, რომ გაზის გაძვირება თქვენ არ შეგეხებათო” – აცხადებს მალხაზ დილიძე.

იტვირთბა....