20 ნოემბერს 19 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა. სანამ მდგომარეობა გართულდებოდა, კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა. თეკლა თორდიას დედის თქმით, ის გამუდმებით ითხოვდა ინფიცირებულის კლინიკაში მოთავსებას, რადგან დიაბეტიანი იყო, თუმცა არავინ მიაქცია ყურადღება, სანამ გოგონას ჯანმრთელობა უკიდურესად არ დამძიმდა. ამის შესახებ მან “მთავარ არხს” განუცხადა.
“საერთოდ, დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ ბავშვისთვის, რომ დავრეკე სასწრაფოში და ვუთხარი, ასეთი დიაბეტიანი ბავში მყავს, რისკჯგუფშია და გეხვეწებით, ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ-მეთქი, მოვიდა სასწრაფო, ტესტირებაზე წაგვიყვანეს და უკან გამოგვისტუმრეს მას შემდეგ, რაც პასუხი დადებითი აჩვენა ტესტმა. ვრეკავდი, ვემუდარებოდი, ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ-მეთქი. წაგვიყვანეს კოვიდ-სასტუმროში, ვუთარი – სასტუმროში რა გვინდა, კლინიკა მჭირდება მეთქი.
დამძიმდა, შაქარი უკვე მაღალზე ჰქონდა, ვეღარ სუნთქავდა ბავშვი, წყლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავდა. ექიმს ტელეფონით ეკონტაქტებოდა, მას კი საერთოდ არც შეუხედავს. ვრეკავდი სასწრაფოში, სასწრაფო ჯანდაცვაში მამისამართებდა, ჯანდაცვამ – ჩვენ ვერაფერს გეტყვით, ისევ სასწრაფოს მიმართეთო. ამ სიტუაციას რომ შეესწრო ვიღაც, რომელიც იმავე სასტუმროში მკურნალობდა, გერმანული ჰოსპიტლის თანამშრომელი ყოფილა, მან დარეკა იმ ჰოსპიტალში და ხვეწნა-მუდარით გადაიყვანეს, თუმცა მკურნალობა დაგვიანებული იყო. ვუთხარი, იქნებ რემდესივირი ჩაურთოთ მკურნალობაში-მეთქი, მითხრეს, რომ ამ პრეპარატს უკუჩვენებები ჰქონდა და ვერ უმკურნალებდნენ ამით” – განაცხადა გარდაცვლილი გოგონას დედამ ირმა ხელაშვილმა.