საქართველოში დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდის, ნადირ სალიფოვის, მეტსახელად “გულის” მკვლელობის საქმე თავისივე საახლობლოს მიერ გახსნილად გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი კრიმინალური გამოცემა “პრაიმ კრაიმი” ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, მკვლელობაში ფიგურირებს კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტის, რაფიკ ეივაზოვის (რაფიკ მასალინსკი) გვარი, რომელსაც თავის დროზე, “გულის” ბრძანებით ყური მოაჭრეს.
როგორც გამოცემა წერს, მკვლელობაში მონაწილეებს შორის იყვნენ ნადირ სალიფოვის ახლო გარემოცვიდანაც და როგორც ირკვევა, ასობით ათასი ამერიკული დოლარი დაიხარჯა აღნიშნული მკვლელობის სისრულეში მოსაყვანად.
“პრაიმ კრაიმი” ასახელებს ქილერის სავარაუდო გვარს – ხაგან ზეინალოვს, რომელიც ბოლო პერიოდში, ისე დაუახლოვდა “გულის”, რომ მის ხაზინაში საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხაც შეჰქონდა. მან ნდობა მოიპოვა და შეუდგა საქმეს.
ერთ დღეს, ზეინალოვი ჩავიდა ანტალიაში და სასტუმროში ეწვია ნადირ სალიფოვს. ისინი ერთი ერთზე დარჩნენ საქმიანი საუბრის მოტივით. მოგვიანებით გაისმა გასროლის ხმა. ზეინალოვი გამოვარდა ოთახიდან და ყვიროდა – “გულის” სნაიპერი ესროლესო. სალიფოვის პირადი დაცვის წევრები ოთახში შევარდნენ. მათ თავიდან იცოდნენ, რომ მათ ბოსს ფანჯრიდან ესროლეს, თუმცა, როცა დარწმუნდნენ, რომ ცეცხლი გახსნილი ფანჯრიდან არ იყო და “გული” ზეინალოვის ტყვიამ იმსხვერპლა, უკვე გვიანი იყო, ზეინალოვი აღარსად ჩანდა.
მოგვიანებით, ადგილობრივმა პოლიციამ ზეინალოვი დააკავა. როგორც ამბობენ, ამით მას გაუმართლა კიდეც, რადგან “გულის” მკვლელს უკვე ემტერებოდნენ მოსაკლავად კრიმინალური ავტორიტეტის ახლობლები. “პრაიმ კრაიმის” ინფორმაციით, ზეინალოვს არც ციხეში ელის კარგი დღეები, რადგან საპატიმროებში “გულის” საკმაოდ ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც კბილებს ილესავენ, რადგან მათი მეგობრის მკვლელის მიმართ შურისძიება ამოძრავებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეივაზოვის ზევით უფრო მსხვილ მოთამაშეებს, დამკვეთებსაც ხედავენ, ხაზგასმულია ეივაზოვის პირადი სურვილი გასწორებოდა სალიფოვს წინა წლებში მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის გამო. ყურის მოჭრისგან გამოწვეული სიმწარე ეივაზოვს წლების განმავლობაში განაწყობდა “გულის” წინააღმდეგ, რომ როგორმე შური ეძია და გასწორებოდა მას. ამის გამო კი ის ყოველდღიურად ცდილობდა მასთან დაახლოებას.