რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1973 წელს დაბადებული ა.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე, ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – აცხადებენ უწყებაში.