საქართველოს სახალხო არტისტი, კახი კავსაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ცნობილი ხდება, რომ კავსაძე კორონავირუსითაა დაინფიცირებული.
როგორც “პრაიმტაიმთან” მსახიობის ძმამ, იმერი კავსაძემ განაცხადა, კავსაძეს ტკივილები ჰქონდა, ამიტომ მისი კლინიკაში გადაყვანა გადაწყვიტეს.
ამასთან, იმერი კავსაძე ამბობს, რომ უკვე ერთი კვირაა, რაც ოჯახის ყველა წევრი დაინფიცირებულია.
“ტკივილები ჰქონდა და გადავწყვიტეთ, რომ კლინიკაში გადასულიყო. უცებ, რომ რამე დასჭირდეს, იქვე იქნება. უკვე ერთი კვირაა ყველანი დაინფიცირებულნი ვართ. რას გაიგებ, ვისგან დავსნებოვნდით. ამის გაგება უკვე ძნელია. ყველანი თვითიზოლაციაში გახლავართ,”- აცხადებს კავსაძე.
საავადმყოფოში კახი კავსაძის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. როგორც ექიმები აცხადებენ, კავსაძე კრიტიკულ მდგომარეობაშია, მას სუნთქვის უკმარესობა აქვს.