კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ ახალი წერტილოვანი შეზღუდვები მიიღო. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთი რაც შეიზღუდება, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაა. ამასთან, იკეტება კონკრეტული ობიექტები. ახალ აკრძალვებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე “სრულ ჩაკეტვას” უწოდებს და “მეტრონომთან” აცხადებს, რომ რეალურად განსხვავება დღეს გამოცხადებულ წერტილოვან შეღუდვებსა და მარტში დაწესებულ “ლოკდაუნს” შორის არ არსებობს.
“იპოვეთ სამი განსხვავება დღევანდელი წერტილოვანი შეზღუდვების და გაზაფხულზე გამოცხადებულ “ლოკდაუნს” შორის. ერთადერთი, რაც დავინახე, სამ კაცზე მეტი შემიძლია მეჯდეს მანქანაში. დანარჩენი, სრული “ლოკდაუნია.” ეს არ არის გამოსავალი.
დღეს საუბრობენ ვის უნდა მისცენ ანაზღაურება და ვის არა. როდესაც “ლოკდაუნს” ვაცხადებთ, უკვე გამზადებული უნდა იყო სიები. ვერ გვაძლევს “ლოკდაუნი” ეპიდემიოლოგიურ სხვაობას. რატო არაფერი გააკეთა ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში? თუ არაფერი შეიცვლება ჯანდაცვის მართვაში, ეს მოიტანს გაღარიბებას. დღეს პრემიერ-მინისტრმა უტიფრად ყველას გადააბრალა საკუთარი თავის გარდა. არაფრით განსხვავდება ეს ვითომ წერტილოვანი შეზღუდვები იმ “ლოკდაუნისაგან” რაც იყო გაზაფხულზე” – განაცხადა ვატო სურგულაძე.
იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი.
თამარ შუკვანი