25 ნოემბრის საღამოდან, თელაველ მომხმარებელს, საცხობებში პურის ფასი, 30 თეთრით მომატებული დახვდა. ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ დღემდე, საცხობებში, პურს 70 თეთრად ყიდულობდნენ.
„აქამდე 70 თეთრი ვიხდიდით. ამ საღამოდან უკვე ლარი ღირს. პურის გაძვირება უმძიმესი დარტყმაა, მათთვის, ვისაც ყოველდღიური კაპიკი გამოთვლილი აქვს“,- განაცხადა ადგილობრივმა, მანანა იმედაძემ.
ერთ-ერთი საცხობის მეპატრონემ, პურის ფასის მატება, ფქვილზე ფასის მომატებით ახსნა.
ალექსი ჭონიაშვილის ინფორმაციით, 24 ნოემბრიდან, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 8 ლარით გაიზარდა.
„გუშინ საღამოს ფქვილი უკვე გაძვირებული შემომიტანეს. აქამდე ვიხდიდი 57 ლარს, ახლა გადავიხადე, 65. გაძვირების გარდა, სხვა გამოსავალი არ არის. მაშინ საცხობი უნდა დავკეტო“ – განაცხადა ჭონიაშვილმა.
დღესვე, თელავში, პურის ფასის 10 თეთრიანი მატება დაფიქსირდა იმ საცხობებში, სადაც მისი ღირებულება 50 თეთრს შეადგენდა.
კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, პურზე ფასის მატება არ დაფიქსირებულა. იმ დროისათვის, საქართველოს მთავრობამ 9 საკვები პროდუქტის სუბსიდირება მოახდინა, თუმცა, ზოგიერთ პროდუქტზე ფასი მაინც გაიზარდა.
წყარო: “პრაიმტაიმი”