მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავები საქართველოში
19 ნოემბერს, 19:30 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში თამარ ივერის საქველმოქმედო ფონდი “დაცული საზოგადოება” მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავთა მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტს გამართავს – კონცერტიდან შემოსული თანხა 13 ივნისს დაღუპული იმ ადამიანების ოჯახებს გადაეცემა, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები დარჩათ. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი, ინტერნეტ გაზეთი „მეტრონომი“ ქალბატონ თამარ ივერს კონცერტის მონაწილეების და სხვა დეტალების შესახებ ესაუბრა:
„მეტრონომი“: ქალბატონო თამარ, ვინ იქნებიან კონცერტის მონაწილეები?
თამარ ივერი: კონცერტში მსოფლიო საოპერო სცენის ვარკვლავები იღებენ მონაწილეობას – ეკატერინა სიურინა, ჩარლზ კასტრონოვო, ალისა კოლოსოვა (რომელზეც შემდგომ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, რადგან ის ნახევრად ქართველია), ცნობილი ბანი, ვიტალი კოვალიოვი და სერგეი მურზაევი. ეს ხუთი ადამიანი – ჩემი კოლეგები, მეგობრები და მსოფლიო ვარსკვლავები სრულიად უსასყიდლოდ და ჰონორარის გარეშე ჩამოდიან, რომ 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს გვერდში ამოუდგნენ. იმ 23 ადამიანიდან, ვინც წყალდიდობის დროს დაიღუპა, ხუთის ოჯახს მცირეწლოვანი ობლები დარჩა. ჩვენ სწორედ ამ ოჯახებს ვეხმარებით.
– პირადად ხომ არ დაკავშირებიხართ ამ ოჯახებს?
– რა თქმა უნდა. ჩემი წარმომადგენლები, ჩემი ფონდის ხალხი იყო ამ ოჯახებში, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები დარჩათ. ჩვენ ვიდეოზე გადავიღეთ მათი სურვილები – ზოგს პლანშეტური კომპიუტერი უნდა, ზოგს – წიგნი, ზოგს – მოლბერტი, ზოგს – ბარბის სახლი. ეს ბავშვების სურვილებია. ჩემი სურვილით კი დიდ საბავშვო ენციკლოპედიას ვჩუქნი და მობილურს. გარდა ამისა, ცხადია, მათ /ოჯახებს/კონცერტიდან შემოსული თანხები ფინანსური დახმარების სახით გადაეცემათ.
– ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თუ გადაიცემა კონცერტი?
– იმის გამო, რომ მონაწილეები ექვსნი ვართ, კონცერტი დიდხანს გაგრძელდება და შეიძლება ოთხ საათზე ნაკლები არ გასტანოს. ამიტომ პირდაპირ ეთერში გადაცემა ძალიან გაჭირდება. თუმცა, ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ჩვენი საინფორმაციო მხარდამჭერი, პირველი არხი მთელ კონცერტს გადაიღებს და სულ რამდენიმე დღეში მცირედ დამონტაჟებულ, დაახლოებით ორ-სამ საათიან ვერსიას გაუშვებს ეთერში. კონცერტის მიმდინარეობისას მითითებული იქნება ჩემი ფონდის ნომერი – 091 700 500 და მთელი კონცერტის განმავლობაში მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ. ეს რაღაც სატელევიზიო მარათონის მსგავსი იქნება და, თუ სურვილი ექნებათ, მაყურებლებიც ჩაერთვებიან ქველმოქმედებაში.
ლალი სურამელი