ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროპარლამენტარები არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარები საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს პარლამენტის შეუფერხებლად მუშაობისთვის კომპრომისი იპოვონ.

„საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის მიხედვითაც, დარჩენილი 17 მანდატი უნდა განაწილდეს მაჟორიტარული სისტემით. კიდევ ერთხელ გვინდა, მივულოცოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, რომელმაც ამ არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით აღსავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში შეძლო.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებას და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი რაუნდის შედეგად გამოქვეყნებულ გამოხმაურებას. მეორე რაუნდის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ყველა საფუძვლიანი აპელაციისა და საჩივრის სამართლიან განხილვას.

ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით, რამაც გზა გაუხსნა უფრო პლურალისტულ პარლამენტს. თუმცა, ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ იბრძოდნენ მეორე ტურში. ჩვენ ვითხოვთ, დარჩენილი ხარვეზები იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით, რომელიც გადაჭრის ეუთო/ოდირის დაყოვნებულ რეკომენდაციებს და ეს მოხდება პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტიური ჩართულობით.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ კომპრომისი.

ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილნი, უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და გაითვალისწინონ საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზის უმთავრესი ინტერესი“ – აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

იტვირთბა....