პარასკევს საღამოს კმაყოფილმა დავიძინე – იმ დღეს ხელფასი ავიღე და რამდენიმე გადაუდებელი საქმე მოვაგვარე. საქმეების ნაწილი მეორე დღისთვის მოვიტოვე. რა ვიცოდი, რომ ჩემს პატარ-პატარა ბიურგერულ გეგმებს ასრულება არ ეწერა, მაგრამ საწუწუნო არაფერი მაქვს – იმ ღამეს სხვებს ჩემზე ნაკლებად გაუმართლათ.
ფეისბუქის მესიჯები ტელეფონზე მომდის ხოლმე და კომპიუტერის ჩართვამდე ვნახულობ.
“მთელი მსოფლიო საფრანგეთის ამბებზეა გადართული” – ვკითხულობ შაბათ დილით ტელეფონში. ვხვდები, კარგი ამბავი არ არის და კომპს ვრთავ. ტერორისტული აქტები შუა პარიზში, ასობით მოკლული ადამიანი. ტერორისტები რამდენიმე ხალხმრავალ ადგილას, მათ შორის ბატაკლანის თეატრში შეჭრილან, სადაც იმ დროს ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა და 153 ადამიანი მოუკლავთ (თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 129 იყო) – აქედან 110 სწორედ ბატაკლანში.
მასმედიის მუშაკისთვის საუზმემდე 200 კაცზე ნაკლების სიკვდილი ჩვეულებრივი ამბავია – ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დღეში უფრო მეტი ადამიანიც ეწირება ბრიყვულ და გაუმართლებელ ძალადობას. სანამ რამე ცუდს იფიქრებდეთ (ნიძლავს დავდებ, უკვე იფიქრეთ), ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ როცა ყოველდღე ინფორმაციასთან გიწევს მუშაობა, დისტანცია თუ არ დაიცავი, შეიძლება გაგიჟდე – გაგიჟდე კითხვებისგან: „რატომ?“, „რა აზრი აქვს ადამიანების ხოცვას?“, „ვის სჭირდება ეს?“, „რომელი რელიგია მოითხოვს ამას?“, „რა არის წმინდა წმინდა ომში?“ – ამ კითხვებზე პასუხები ისედაც ძალიან კარგად ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს სახელებს, მაგრამ ამაზე დიდხანს რომ იფიქრო, უმწეობა ჭკუიდან შეგშლის და ცხოვრება განზე დაგრჩება. ასეთ მსხვერპლზე კი იშვიათად წავა ვინმე, თითქმის – არავინ. ამიტომ ვითვლებით ჟურნალისტები ცივსისხლიან ცინიკოსებად, რაც პრინციპში ვართ კიდეც, მაგრამ ამას, როგორც აგიხსენით, თავისი მიზეზი აქვს.
იმ შაბათ დილას დავუბრუნდეთ – დაახლოებით 12-ისთვის თბილისის დროით გარდაცვლილებს ჯერ კიდევ ითვლიან, ტერორისტების ვინაობას ადგენენ, პარიზში და მთელ საფრანგეთში რეიდებია. ქართული არხები პირდაპირ ეთერში იქ მცხოვრებ ქართველებს რთავენ, რომლებიც ცოტა არ იყოს, ურთიერთსაწინააღმდეგო რამეებს ამბობენ; ერთი ირწმუნება, რომ იმ დილით პარიზის ქუჩებში კაციშვილს ვერ მოკრავ თვალს, მეორე ამბობს, რომ, მართალია ცოტა, მაგრამ ხალხი უკვე გამოვიდა ქუჩებში, კაფეებშიც სხდებიან და ზოგი ჯოგინგობს კიდეც – ალბათ, რესპოდენტები სხვადასხვა უბნებში ცხოვრობენ. მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ფეისბუქზე ქართული იუზერები უამრავ სტატუსს წერენ – ზოგი ფრანგებს უსამძიმრებს, ზოგი მოსამძიმრეებს უსამძიმრებს, რომ ასეთი მეტიჩრები და წამხედურები არიან.
აქ ერთი ზოგადი გადახვევა:
საერთოდ, ფეისბუქი ქართველებისთვის (თითქმის დარწმუნებული, რომ არა მარტო ქართველებისთვის), ცალკე სამყაროა, რომელსაც რეალობასთან ძალიან ცოტა აქვს საერთო. მარტივად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, ფბ-ზე ყველანი გაცილებით კეთილები და ბოროტები ვართ, გაცილებით მამაცები და იშვიათად მშიშრები, უზომოდ გვიყვარს, გვძულს და გვებრალება. სავარძელში მოკალათებულები უფრო ადვილადაც ვჩხუბობთ. მოკლედ, ფეისბუქზე ცხოვრება გაცილებით კომფორტულია, ვიდრე სინამდვილეში.
სინამდვილეში, იმ შაბათ დღეს, ჩემთან სახლში ბებიაჩემის წლისთავს ვიხდით, უამრავი საქმეა, მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებ. ყოველ თხუთმეტ წუთში კომპთან მივრბივარ და ნიუსებს ვამოწმებ: „ორი ტერორისტის ვინაობა ცნობილია“, „საფრანგეთმა საზღვრები ჩაკეტა“, „ტერორისტებს შორის მოზარდებიც იყვნენ“.
ფეისბუქმა პროფილის ფოტოებისთვის ოპერატიულად გააკეთა საფრანგეთის დროშის ფილტრი. ეს ფილტრი უკვე უდევს ფოტოზე ჩემს რამდენიმე მეგობარს. მეც ვეძებ რომ დავაყენო და ამასობაში დაახლოებით შემდეგი შინაარსის სტატუსებს ვაწყდები: „რატომ არ ვაყენებთ პროფილის ფოტოზე ლიბანის დროშას? ერთი კვირის წინ იქაც ხომ მოხდა არანაკლები ტერაქტი? თუ ადამიანის სიცოცხლე პარიზში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლიბანსა და სირიაში?“. ზოგი კოლონიალისტი საფრანგეთის წარსულს იხსენებს. ჩემი რომელიღაც მეგობარი პარიზის ტერაქტის ვიდეოებთან ერთად ბეირუთის ტერაქტის შემდეგ გადაღებულ ვიდეოს აზიარებს – კაცი ორი ბავშვით ნანგრევებად ქცეული ქუჩის ტროტუარზე ზის, გვამებს შორის. უმცროსი ბიჭი, სქელი ჭუჭყით და მტვრით დაფარულ სახეზე ცრემლის კლაკნილი ნაკვალევი რომ ატყვია, სასოწარკვეთილი დებს ეძახის – „ასმა! კარიმა!“. ასმა და კარიმა ან დაკარგულები არიან, ან ცოცხლებში აღარ წერიან, უფრო – მეორე. მერე რა, რომ ბოლო დროს, მეხსიერება ხშირად მღალატობს ხოლმე, ეს ორი სახელი დიდხანს მემახსოვრება, – მანამდე, ვიდრე იმ პატარა ბიჭის ხმა ჩამესმება ყურში, ამ ხმის დავიწყება კი ძნელია.
საფრანგეთის დროშის ფილტრი დავაყენე. ჯერ ერთი, დისკუსია დროშის დაყენება-არდაყენებაზე სრულიად უადგილო მგონია – როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა, “სოლიდარობა სოლიდარობაა და დავაით რა”. მეორეც, საქართველოში რომ მომხდარიყო ასეთი რამ, საქართველოს დროშების დანახვა სხვა ქვეყნების მოქალაქეების პროფილებზე დარწმუნებული ვარ ცოტათი მაინც გაგვამხნევებდა – მერე რა, რომ მხოლოდ დროშაა, სამაგიეროდ, გრძნობ, რომ შენი გასაჭირი ვიღაცამ იცის, – ესეც საქმეა, თუნდაც სხვა ვერაფრით დაგეხმაროს, თუნდაც შენს ქვეყანაში გაჩაღებული შუა ომის დროს მათი პრეზიდენტი არ ჩამოქანდეს შენს მოწინააღმდეგესთან მოსალაპარაკებლად და შენს ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას არ შეუწყოს ხელი.
კომპიუტერს ვუბრუნდები. თბილისის დროით ორი საათისთვის მოკლულების რაოდენობა დაზუსტებულია – 129 ადამიანი. ამ წუთას შეიძლება რომელიმე ფრანგი ბიჭი ისევე ისტერიულად დასტირის დებს, ძმას, დედას თუ მამას, როგორც ის ბეირუთელი პატარა. ოღონდ, ფრანგ ბიჭს ასე თუ ისე, თავისი ქვეყნის პოლიცია იცავს, მას გვამებს შორის ჯდომა არ უწევს, აი, ბეირუთელი კი შეიძლება ცოცხლებშიც აღარ წერია.
მაშინ რატომ აგვაფორიაქა სირიასა და ლიბანზე მეტად საფრანგეთის ამბავმა? იმიტომ რომ, ევროპა თითქოს უფრო დაცულია და იქ ტერორისტები მოსავალს ვერ იმკიდნენ, როგორც ახლო აღმოსავლეთში. ჩემი აზრით, უსაფრთხო ევროპის მითის ნგრევამ უფრო აგვაღელვა, ვიდრე ადამიანების დახოცვამ. იმიტომ რომ, არც ჩვენ და მითუმეტეს, ჩვენ არ ვართ დაზღვეულები – ISIS-ის მებრძოლები არაერთხელ დაგვემუქრნენ.
სწორედ საფრანგეთის ტერაქტების მერე, ერთ უცხოელ მეგობარს ველაპარაკებოდით და მუქარის ეს მესიჯები ვახსენეთ. ყურები ცქვიტა და გვითხრა: ეგ სახუმარო საქმე არ არის, თუმცა, მე რომ ეს რამდენიმე წლის წინ გამეგო, ალბათ ისევე მშვიდად ვიქნებოდი, როგორც ახლა თქვენო. ასეა, პარიზის ამბების მერე უსაფრთხო ევროპა აღარ არსებობს, არ არსებობს უსაფრთხო მსოფლიო და მითუმეტეს უსაფრთხო საქართველოზე ლაპარაკიც ზედმეტია.
გიორგი სურამელი