აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელ ბრიფინგზე განცხადება გაავრცელა.
რიჟვაძის თქმით, საქართველოს პარლამენტში, ასევე უმაღლესი საბჭოს ნაწილში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა საპარლამენტო არჩევნების, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს მეორე ტურები. წინასწარი შედეგებით, ლიდერობენ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები. ამ შედეგებით საქართველოს პარლამენტში, ასევე უმაღლესი საბჭოს ნაწილში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“.
პირველ რიგში, ეს არჩევნები და ამ არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ პირობებში ჩატარება მინდა, მივულოცო ჩვენს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას მისცა მან ხმა და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, ამომრჩევლებს, რომლებმაც მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად მომატებული ეპიდემიოლოგიური რისკებისა, მიიღეს მონაწილეობა მეორე ტურებში, შესაბამისად, მისცეს ხმა და დააფიქსირეს თავისი ნება ამ ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების მიმართ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო აჭარის მოსახლეობას. დღესაც, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მაღალმთიანი აჭარის ოლქში – მაღალმთიან აჭარაში და ხელვაჩაურში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ქობულეთს, ბათუმს, ვინაიდან ჩვენ იქ გვქონდა უპრეცედენტო მხარდაჭერა, როგორც პირველ ტურში, ასევე დღესაც იგრძნობოდა მათი აქტიურობა და მხარდაჭერა.
საარჩევნო პროცესი და წინასაარჩევნო კამპანია იყო დაკავშირებული არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან, როგორც კოვიდთან, ასევე რიგი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამ არჩევნების დისკრედიტაციასთან. თუმცა, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო ღირსეულად“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.