“ეს იყო დროებებს შორის საუკეთესო, ეს იყო დროებებს შორის უარესი; ეს იყო სიბრძნის საუკუნე, ეს იყო სიბრიყვის საუკუნე; ეს იყო რწმენის ეპოქა, ეს იყო ურწმუნოების ეპოქა; ეს იყო სინათლის წლები, ეს იყო სიბნელის წლები; ეს იყო იმედების გაზაფხული, ეს იყო სასოწარკვეთის ზამთარი; ჩვენ ყველაფერი წინ გვქონდა, ჩვენ არაფერი არ გვქონდა წინ; ყველა მივექანებოდით სამოთხეში, ყველა მივექანებოდით ჯოჯოხეთში, – მოკლედ, ის დრო ისე ჰგავდა ჩვენსას, რომ მისი ყველაზე მყვირალა წარმომადგენლები მასთან მიმართებაში, როგორც კარგში, ისე ცუდში, მხოლოდ საუკეთესო ხარისხის შედარებას მოითხოვდნენ.” – ჩარლზ დიკენსი (ზღაპარი ორი ქალაქის შესახებ)
მსოფლიოში ყოველდღიურად (ყოველსაათობრივად თუ არა) სადღაც, ვიღაცას ვიღაცა კლავს და ვიღაცას სადღაც ეს სტკივა. სადღაც ვიღაცას ეს მართლა სტკივა, სადღაც ვიღაცას კი ტკივილის გამოხატვა, ასე ვთქვათ, “რეგლამენტურ” პროცედურად მიაჩნია, მის გამოხატვას “პროტოკოლით” გათვალისწინებულ სავალდებულო აქტად მიიჩნევს, ეს სრულიად ნორმალურადაც მიაჩნია და პრინციპში ასეც არის… გტკივა თუ არ გტკივა, ელემენტარული სოლიდარობის ამბავია ტკივილის თუნდაც ტრაფარეტული ფორმით გამოხატვა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ვირტუალური სივრცე ფრანგულმა ტრიკოლორმა გადაფარა, აქა იქ ლიბანის დროშებსაც შეხვდება კაცი და იმავდროულად შეხვდება ბევრის, ერთი შეხედვით სამართლიან, აღშფოთებასაც – “რატომ გვეწყინა პარიზი უფრო მეტად, ვიდრე ბეირუთი?!”, “მსახიობები და პოზიორები ხართ!”, “ისინი ადამიანები არ იყვნენ?!” და ა.შ. მეტ-ნაკლები აგრესიულობით გამოხატულ კრიტიკას მათ მიმართ, ვინც თითქოსდა ინფორმირებულია ხოლმე პლანეტის სხვადასხვა წერტილებში მსგავსი და კიდევ უფრო მასშტაბური ტრაგედიების შესახებ, თუმცა თანაგრძნობის გამოხატვას, რატომღაც მხოლოდ “ძლიერთა ამა ქვეყნისა” მიმართ ამჯობინებს.
რასაკვირველია, არასწორი იქნება პოზიორობაში დაადანაშაულო ადამიანი, “ამხილო” რა ორი, ერთნაირად საზარელი ტრაგედიიდან მხოლოდ ერთის გულთან ახლოს მიტანაში და მეორის მიმართ, გულგრილობაში. კი, ძალიან ბევრისთვის გულისტკივილის ამა თუ იმ ფორმით გამოხატვა მართლაც სუფთა წყლის ფორმალობაა და ის საყოველთაო ინერციას აყოლილ “მოდურ” ტენდენციასთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ზემოთხსენებულ სოლიდარობასთან. ძალიან ბევრი ერთნაირად გულგრილად აღიქვამს როგორც ფრანგის, ისე ლიბანელის ტრაგიკულ სიკვდილს. მათთვის სულერთია საფრანგეთის დროშას აღმართავენ თუ ლიბანის… მთავარია მათი “თანაგრძნობა” უმრავლესობისას დაემთხვეს. ისეთებიც არიან, ვისთვისაც ტრაგიზმის აღქმა მხოლოდ მანძილის პირდაპირპროპორციულია, ვის თანაგრძნობასაც კილომეტრაჟი განაპირობებს. ერთი სიტყვით, რასაკვირველია არიან ადამიანები, ვისთვისაც, არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ ჩაშლილი გადაცემათა კოლოფი, ან გაძვირებული წიწიბურა უფრო ღრმა წუხილის საგანია (ამაში კი ადამიანის დადანაშაულება ძნელია იმდენად, რამდენადაც ზედმეტია), ვიდრე სადღაც ქვეყნის მეორე ბოლოში დახვრეტილი ადამიანები… თუმცა, არასოდეს დაეზარებათ თვალებიდან თანაგრძნობის ცრემლის გამოწურვა, რაც ზემოთ ნახსენები “რეგლამენტური” სოლიდარობისგან განსხვავებით, აშკარა სიყალბის მაჩვენებელი და მართლა უარყოფითი თვისებაა.
რასაკვირველია პარიზში დატრიალებული ტრაგედია ძალიან ბევრ ადამიანს გულზე მართლა მოხვდა და მართლა მტკივნეულად მოხვდა!.. თუმცა იგივე ადამიანები იგივეს ვერ იტყვიან ბეირუთში დატრიალებულ იგივე ფორმისა და იგივე მასშტაბის ტრაგედიაზე და ამას, გინდ სუბიექტური დაარქვით, გინდ ობიექტური, მაგრამ თავისი მიზეზი აქვს. ეს კი ბევრს აკვირვებს და აღაშფოთებს… მიუხედავად იმისა, რომ ამ ბევრიდანაც უმრავლესობისთვის მსგავსი “გაკვირვებაც” და “აღშფოთებაც” ასევე ფორმალობაა და ასევე ნაცნობი ტენდენციის ნაწილია.
ადამიანები იმთავითვე მიჩვეულნი ვართ იმას, რომ სიკვდილი ჩვენს გარშემო და ყოველდღიურად მძვინვარებს. მძვინვარებს სხვადასხვა ფორმით… როგორც ყოველდღიური და “შეუმჩნეველი” რუტინის ფარგლებში და პირობებში, ისე მისი ასეთი მახინჯი, შოკისმომგვრელი და კაცობრიობისადმი ნდობის შემრყევი ფორმითაც. ასეთი სიკვდილით დასჯილ ადამიანებს შორის, განურჩევლად ეროვნებისა, რასაკვირველია არანაირი განსხვავება არ არის და ნათელი გონების მქონე ადამიანი სხვადასხვა ადგილას მომხდარის ტრაგიზმს მთელი სისრულით და ერთნაირად მტკივნეულად აღიქვამს, ოღონდ… ნათელი გონებაც კი, დღეს და უმეტესწილად, ყოველდღიურობას ჰყავს ხელჩაკიდებული, თავისი ნება-სურვილის მიხედვით დაატარებს და ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ საშენ მასალასაც კი, როგორიცაა თანაგრძნობა, პრიორიტეტულ და ნაკლებად პრიორიტეტულ თანაგრძნობად ყოფს. მისამძიმრება თითოეული ჩვენგანის თავისუფალი ნების საგანია, თითოეულის ცალკე აღებული პრეროგატივაა და მისი ამა თუ იმ მიმართულებითა და ამა თუ იმ ფორმით გამოხატვის უფლებასაც ჩვენთვის ვიტოვებთ… თავად ვწყვეტთ ვის მიმართ მეტად გამოვხატოთ ჩვენი სიბრალული და სამძიმარი, ვის მიმართ ნაკლებად. ვერ გაამტყუნებ იმას, ვინც პარიზზე მიყენებულ დარტყმას ცივილიზაციაზე მიყენებულ დარტყმად აღიქვამს, ასეთად განიხილავს და თავის საფრანგეთისადმი მეტ თანაგრძნობას ამით ასაბუთებს და ამართლებს. მისთვის ის ყველა მიმართულებით უფრო მისაღები და მის მსოფლმხედველობასთან უფრო ახლოს მდგომი სახელმწიფოა, ვიდრე იგივე ლიბანი… მისთვის ის უფრო ახლო და ნაცნობია და რასაკვირველია, ნაცნობის ტრაგედიას უფრო მტკივნეულად აღიქვამს, ვიდრე უცნობის!.. რასაკვირველია, ორმაგად მტკივნეულად აღიქვამს, თუ ეს ნაცნობი მისთვის სამაგალითო და მისაბაძია… თუ სახლშიც და ქუჩაშიც, ჟურნალ-გაზეთებშიც და ეკრანებზეც მის ლამაზ გამოსახულებას ხედავს… თუ იმ სიკეთეებს ხედავს, რასაც იგი იძლევა… თუ მას ის ცხოვრებისა და ყოფის ერთგვარ ეტალონად წარმოუდგენია, თუმცა… დომინანტი ყოველდღიურობისადმი ურჩობით გამორჩეული გონებები მკაფიოდ ხედავენ იმ ზღვარს, რომელიც სახელმწიფოსა და ადამიანს შორის გადის და მათთვის ბეირუთზე დარტყმაც ზუსტად ისევე აღიქმება ცივილიზაციაზე დარტყმად, როგორც პარიზზე… საღი გონების პატრონს არ შეიძლება არ ესმოდეს ის, რომ სახელმწიფოების განხილვა თუ შეიძლება ცივილიზაციის ავანგარდში და არიერგარდში მდგომ სახელმწიფოებად, ადამიანების ამ კუთხით განხილვა არ შეიძლება!.. არ შეიძლება იმდენად, რამდენადაც ასეთი მიდგომაა იმთავითვე მცდარი. მეტ-ნაკლებად ობიექტურ ადამიანს ესმის, რომ არსებობს კეთილი, გულისხმიერი ადამიანი და არსებობს ბოროტი, გულღრძო ადამიანი – კარგი ადამიანი და ცუდი ადამიანი! – და ადამიანის მეტად ცივილიზირებულობაც და ნაკლებად ცივილიზირებულობაც მხოლოდ მისი ამ ინდივიდუალური თვისებების მეტ-ნაკლებობაში იკვეთება და მას სახელმწიფოს ცივილიზირებულობასთან, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ზოგადად კი ყოფითი განვითარების მაღალ საფეხურზე დგომასთან და მისგან განპირობებულ მსოფლმხედველობასთან საერთო არაფერი აქვს.
თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველა თავისთვის ირჩევს ვის, ან რის მიმართ და რა ფორმით გამოხატოს თანაგრძნობა… ყველა თავისთვის ირჩევს, რა არის მცდარი და რა არა. მთავარია ნამდვილი იყოს (და არა ბუტაფორული) და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ვერც გაიაზრო, პარიზის მიერ მოყენებული ტკივილი თავის თავში ბეირუთსაც დაიტევს და გატკენს.
ვასო შონია